ბოლო რამდენიმე წელია გვესმის კრიმინოგენური ვითარების შეფასება და აპელირება იმაზე, რომ ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულები გაიზარდა, თუმცა, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ციფრები სულ სხვა რეალობას გვიჩვენებს. საქართველო მკვლელობების რაოდენობით (0.99- 100.000 ადამიანზე), პოსტსაბჭოთა სივრცეში, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა. ამ მაჩვენებლით ის ბევრ ევროპულ სახელმწიფოზე წინ არის, აღარაფერს ვლაპარაკობთ აშშ-ზე, სადაც მარტო ჩიკაგოში ათჯერ მეტი მკვლელობა ხდება, ვიდრე საქართველოში.
თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე, 31 წლის შანაი ბრუკი 31 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. ავსტრალიის მოქალაქე ბოლოს მეგობრებმა 30 ივლისს ნახეს. მას სამართალდამცველები ეძებდნენ. გაუჩინარებული ტურისტის მეგობრები აცხადებდნენ, რომ პოლიციამ მისი ტელეფონი მთაწმინდის ტერიტორიაზე იპოვა. ამასთან, შანაე ბრუკის მეგობრები ვარაუდობდნენ, რომ მას თავს დაესხნენ. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა შანაი ბრუკის გარდაცვალების მიზეზი.
ამ ფაქტს საზოგადოების დიდი აღშფოთება მოჰყვა. სოციალურ ქსელში მთელი დღის განმავლობაში ვაწყდებოდით ფრაზებს: „საქართველოში ცხოვრება უკვე ძალიან სახიფათო გახდა“, „ქუჩაში თავს ძალიან დაუცველად ვგრძნობ“, „სად ვიყიდო წიწაკის სპრეი, რომ თავი დავიცვა“ და ა.შ. მსგავსი შემთხვევების გაგონებაზე, ბუნებრივია, ადამიანებს დაუცველობის შეგრძნება უჩნდება და ფიქრობს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ის აუცილებლად გახდება მსხვერპლი.
For.ge-მ გასული და მიმდინარე წლის ანალიზი გააკეთა, სადაც ჩანს, რომ 2021 წლის დანაშაულების სტატისტიკა უფრო დაბალია, ვიდრე წინა წლის, თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ გახსნილ საქმეთა რიცხვიც დაბალია.
მივყვეთ თვეების მიხედვით, განვიხილოთ 2020 წლისა და მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით სტატისტიკას:
2020 წლის იანვარში რეგისტრირებული დანაშაულების რაოდენობა 5334-ს შეადგენს, გახსნილია 1314 შემთხვევა; თებერვალში რეგისტრირებულია 5692 შემთხვევა, გახსნილია - 1518; მარტში რეგისტრირებულია 5366 შემთხვევა, გახსნილია 784; აპრილში რეგისტრირებულია 3493 შემთხვევა, გახსნილია - 631; მაისში რეგისტრირებულია 4224 შემთხვევა, გახსნილია - 1072; ივნისში რეგისტრირებულია 5258 შემთხვევა, გახსნილია - 1435;
რაც შეეხება 2021 წლის სტატისტიკას, იანვარში რეგისტირებულია 4703 შემთხვევა, გახსნილია - 1245; თებერვალში რეგისტრირებულია 4915 შემთხვევა, გახსნილია - 1299; მარტში რეგისტრირებულია 5145 შემთხვევა, გახსნილია 1583. აპრილში რეგისტრირებულია 5350 შემთხვევა, გახსნილია - 1640; მაისში რეგისტრირებული- 5122 შემთხვევა, გახსნილია - 1554. ივნისში რეგისტრირებულია 2077 შემთხვევა.
იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ, სტატისტიკა შესაძლოა ბოლომდე სარწმუნო არ იყოს, თუმცა, ასევე თვლის, რომ საზოგადოებრივი აღქმის თანახმად, ადამიანი საქართველოში თავს უკვე დაუცველად გრძნობს.
მისივე თქმით, უნდა გაძლიერდეს შესაბამისი ორგანოების მხრიდან, ამ ცნობიერების შეცვლის მცდელობა, რაც ალაფიშვილის განცხადებით, მხოლოდ სტატისტიკური მონაცემებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.
„აქ რამდენიმე რამ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ვსაუბრობთ კრიმინალურ გარემოზე, მხოლოდ სტატისტიკურ მაჩვენებელზე მსჯელობა არ არის სწორი. გამოძიების მწარმოებელი ორგანოები, მისი გამჭირვალობა და სამართლებრივი ზედამხედველობა ან არ არსებობს ან ძალიან სუსტია. გვინახავს საქართველოს გამოცდილება, როდესაც სწორედ იმ მიზეზების გამო, რომ მანუპულირება ხდებოდა სტატისტიკით, რიგ შემთხვევაში იგი ქვეყნდებოდა, ან არ ქვეყნდებოდა.
მეორე შემთხვევაში, ვთქვათ, რომ გაიზარდა წვრილმანი ხულიგნობები დროის კონკრეტულ პერიოდში, როდესაც მაგალითად საქართველოში აქციები მიდიოდა, დავუშვათ იანვრიდან ივნისის ჩათვლით, როდესაც ხდებოდა დაკავებები. ბუნებრივია, სტატისტიკურად იქ ნაჩვენები იქნებოდა მეტი დარღვევა. სტატისტიკურად იქ მომატებული იყო რაოდენობა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებას, რადგან ის არ იყო კრიმინალური დანაშაულები და ქცევა, რომელსაც შეიძლება დანაშაული ვუწოდოთ. დანაშაულის ხარისხს აქვს მნიშვნელობა, რა იმატებს. თუ ვიტყვით, რომ კლების ტენდენციაა, მაშინ უნდა აღვნიშნოთ, რომელი დანაშაულების კლების ტენდენციაა.
მესამე საკითხი გახლავთ ე.წ. აღქმა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ დროსთან და დანაშაულთან მიმართებაში, რომლის მიმართაც საზოგადოება არის უფრო მგრძნობიარე. ასეთ შემთხვევაში აღქმას აქვს დიდი მნიშვნელობა, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტიც კი იმისთვის, რომ იგი გავრცელდეს და იქცეს საზოგადოებრივ განწყობად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.
თუკი ხელისუფლება, დანაშაულზე რეაგირების ვალდებულების და პასუხისმგებლობის მქონე ორგანოები ამ საკითხზე ჯეროვან ყურადღებას არ გაამახვილებენ და უფრო გამჭირვალეს და გასაგებს არ გახდიან პროცესს, საზოგადოების აღქმა ისეთი რაღაცაა, რომელსაც სხვაგვარად, მხოლოდ სტატისტიკით ვერაფერს უშველი.
ადამიანი ამბობს, რომ ღამე გასვლის უკვე ეშინია, იმას აქვს თავისი ლოგიკა, მაგრამ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ აღქმა. საქართველოში მართლაც არის დაძაბული საზოგადოებრივი მდგომარეობა, ძალადობა, როგორც ასეთი და არა ფიზიკური ძალადობა ან კონკრეტული დანაშაული. ძალადობა იქცა ძალიან დომინანტურ გამოვლინებად სხვადასხვა სფეროში საზოგადოების ცხოვრებისა, რაც ასეთ აღქმებს ქმნის საფუძვლიანს“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა For.ge-სთან.