ანრი ოხანაშვილი: სიმართლისთვის მებრძოლო, „მთავარი არხის“ ჟურნალისტებო, ბოდიში მოიხადეთ ბინძური ცილისწამებისთვის

ანრი ოხანაშვილი: სიმართლისთვის მებრძოლო, „მთავარი არხის“ ჟურნალისტებო, ბოდიში მოიხადეთ ბინძური ცილისწამებისთვის

სიმართლისთვის მებრძოლო, „მთავარი არხის“ ჟურნალისტებო, გაბედეთ და საჯაროდ აღიარეთ გავრცელებული სიყალბე და ბოდიში მოიხადეთ ბინძური ცილისწამებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ქარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

„საჯაროდ გაცემული პირობა შევასრულე და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში „მთავარი არხის“ ორი ჟურნალისტი ვამხილე ჩემი დისკრედიტაციის მიზნით მიზანმიმართულად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაში!

2021 წლის 10 აპრილს, საჯარო პოსტით გამოვეხმაურე პარტიული ტელევიზიის, მათ შორის, „მთავარი არხის“ მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ სიყალბეს, თითქოს სახელმწიფომ ჩემს სიმამრს მიზერულ ფასად გადასცა 80 ჰექტარი მიწა ჩემი დეპუტატობის პერიოდში.

მაშინ საზოგადოებას დავპირდი, რომ აუცილებლად ვამხელდი მათ ამ სიყალბეში! აღნიშნული ტყუილის გამოსააშკარავებლად, რომ სახელმწიფოსგან მე და ჩემს ოჯახს არანაირი მიწის ნაკვეთი არ მიგვიღია, არც მიზერულ ფასად და არც უსასყიდლოდ, მივმართე „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს“, რომელმაც დაადგინა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის” ჟურნალისტებმა, ჟანა აკოფაშვილმა და მიხეილ სესიაშვილმა აღნიშნულ სიუჟეტში დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი, კერძოდ, მათ როგორც ჟურნალისტებმა პატივი არ სცეს სიმართლესა და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია;

მეხუთე პრინციპი, კერძოდ, „მთავარი არხი“ ვალდებული იყო, შეესწორებინა გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს!
 https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/88938

სიმართლისთვის მებრძოლო, „მთავარი არხის“ ჟურნალისტებო, გაბედეთ და საჯაროდ აღიარეთ გავრცელებული სიყალბე და ბოდიში მოიხადეთ ბინძური ცილისწამებისთვის!“, - წერს ოხანაშვილი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც არნიშნულია, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა ჟანა აკოფაშვილმა და მიხეილ სესიაშვილმა ქარტიის პრინციპები დაარღვიეს.