შარლ მიშელის შეთანხმების დიდი ნაწილი ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ პარლამენტში მყოფი კონსტრუქციული პარტიები არ დაზარალდნენ, მათთან თანამშრომლობა გაგრძელდება და შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების მიუხედავად, დაწყებულ საქმეებსაც ბოლომდე მიიყვანენ.
„ამ შეთანხმების დიდი ნაწილი ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს. რაც შეეხება პირველ პუნქტს, რომელიც უკავშირდებოდა კრიმინალების გათავისუფლებას, იმუნიტეტის საკითხის გადასინჯვას, ამნისტიის შესახებ კანონს, თითქმის შესრულებული გვაქვს. ერთადერთი, მესამე მოსმენა დარჩა და იგი სავარაუდოდ, სექტემბერში გაიმართება. პირველი საკითხი მთლიანად ამოწურული იქნება.
რაც შეეხება საარჩევნო საკითხებს, აქაც საარჩევნო რეფორმა არის განხორციელებული და არის ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს - აქ არის მნიშვნელოვანი თემები, რომელიც უკავშირდება საარჩევნო ბარიერს. ჩვენ ვთქვით, რომ საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, სიღრმისეულად განიხილება კანონპროექტი და ამის მიხედვით და ბუნებრივია, პარლამენტი ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ პრინციპული მზაობა გამოვთქვით იმისთვის, რომ ბარიერი გადაიხედებოდა.
რაც შეეხება სასამართლო რეფორმის ნაწილს, ძირითადი პაკეტი დოკუმენტის მიხედვით მომავალი წლის ზაფხულამდე უნდა დასრულდეს და ზუსტად ამ პერიოდისთვის ჩვენ გვექნება მსჯელობა და წარმოდგენილი გვექნება წინადადებები, რომელიც უნდა იქცეს შემდეგ კინოპროექტად.
და რჩება კომიტეტების და დელეგაციის თემა. ჩვენ ვთქვით, რომ ჯანსაღი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე, ეს კარგი ევროპული პრაქტიკა პარლამენტში დავამკვიდროთ“, - გნაცხადა კობახიძემ.