ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს: ჩვენთვის ყველაზე დიდი ფასეულობა არის განათლება, ვინაიდან მომავალი გეკუთვნით თქვენ

ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს: ჩვენთვის ყველაზე დიდი ფასეულობა არის განათლება, ვინაიდან მომავალი გეკუთვნით თქვენ

ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კატაკლიზმი გავიარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით, როდესაც სსრკ დაინგრა. ბევრი ნიჭიერი სპეციალისტი წავიდა ქვეყნიდან, ისინი ახლა წარმატებით საქმიანობენ უცხოეთში. ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისი და ტრაგედიაა, რომ მათ პოტენციალს ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად ვერ ვიყენებთ. ამიტომ ის ფაქტი, რომ თქვენ ბრუნდებით საქართველოში, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, - ამის შესახებ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატებთან და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ეს პროექტი, რომელიც ჩვენ ერთად 2014 წელს დავიწყეთ, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. 6 წელიწადში დაახლოებით 1150 საუკეთესო სტუდენტი შევარჩიეთ და ხელი შევუწყვეთ მათ საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ისაა, რომ მაქსიმალური ინვესტიცია ჩავდეთ ყველაზე დიდ აქტივში - ახალგაზრდობაში. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი ფასეულობა არის განათლება და ზოგადად ახალგაზრდობა, ვინაიდან მომავალი გეკუთვნით თქვენ. ვიცი, რომ ძალიან ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას არ აქვს შესაძლებლობა, სწავლა გააგრძელოს უცხოეთში. ვიცი, რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის ეს, ვინაიდან პირადად მაქვს გამოცდილი ეს 20 წლის წინ, როდესაც საფრანგეთში ვსწავლობდი. ვიცი, რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტი ფოკუსირებული იყოს მხოლოდ განათლებაზე და არ ფიქრობდეს დამატებით ფინანსების მოძიებაზე. მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ყველამ ერთად ეს პროექტი განვახორციელოთ. ყველანი ვმოგზაურობთ, ზოგი მიდის უცხოეთში, იღებს განათლებას და რჩება, მაგრამ ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ. მოგეხსენებათ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კატაკლიზმი გავიარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით, როდესაც სსრკ დაინგრა. ბევრი ნიჭიერი სპეციალისტი წავიდა ქვეყნიდან, ისინი ახლა წარმატებით საქმიანობენ უცხოეთში. ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისი და ტრაგედიაა, რომ მათ პოტენციალს ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად ვერ ვიყენებთ. ამიტომ ის ფაქტი, რომ თქვენ ბრუნდებით საქართველოში, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ხელი შეგიწყოთ თქვენი ცოდნის რეალიზებაში. გპირდებით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ ამ მიმართულებას, რათა თქვენი ნიჭი სათანადოდ დაფასდეს და თქვენი ცოდნა სათანადოდ იყოს აღიარებული“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, ამ წლების განმავლობაში დაახლოებით 43 მილიონ ლარამდეა დახარჯული და მომდევნო წლებში ამ თანხის გაორმაგება არის შესაძლებელი.

„1150 სტუდენტი უნდა გახდეს 10 000. რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა გავუშვათ უცხოეთში, სანამ ბატონი მიხეილი შეძლებს, რომ საქართველოში უზრუნველყოს განათლების ის ხარისხი, რომელიც ევროპის წამყვან ქვეყნებშია“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.