ბოლო ორი დღეა, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 3000-ს აჭარბებს, რასაც სპეციალისტების ნაწილი საგანგაშოს უწოდებს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყების პროცესმა დაიგვიანა და სწორედ ამით აიხსნება ამ მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ რეგულაციების მოხსნით არის განპირობებული კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატება. ამასთან, საზოგადოება აღარ იცავს იმ რეკომენდაციებსა და წესებს, რაც ქევყანაში ჯერ კიდევ მოქმედებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანა უკვე პიკშია, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, რაოდენობის კლებას უნდა ველოდოთ. მისი თქმით, ეს კვირა იქნება კრიტიკული, რათა პანდემიის მიმართულებაზე მოხდეს დაკვირვება.
„დღეს საუბარია ახალი ტიპის მოდიფიცირებული ვირუსის გავრცელებაზე. პროგნოზები არის არაერთგვაროვანი. ჩვენი ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორის პროგნოზით, მაგალითად, ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზით, ჩვენ უკვე პიკში ვართ და გარკვეულ პერიოდში დაღმასვლას უნდა ველოდოთ. არის პროგნოზი, რომლის მიხედვით ჯერჯერობით პიკში არ ვართ და უფრო მეტი ზრდა შესაძლოა იყოს მოსალოდნელი, ამდენად ეს კვირა გარკვეულწილად იქნება კრიტიკული, რომ ჩვენ შევხედოთ, რა მიმართულებას მიიღებს ეპიდემია. ეს პროგნოზები არის შეფასებითი, ექსპერტების მოსაზრებაზე დამყარებული, ამდენად რეალური სურათის შეფასება უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, დღიური სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად დღეში 25 000 - 30 000 ადამიანი უნდა აიცრას, თუმცა, თამარ გაბუნიას განმარტებით, დღეს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14000-ს შეადგენს.
„გუშინ აცრილთა რაოდენობამ 14 000-ს გადააჭარბა, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეში საშუალოდ ვაქცინირებულთა რაოდენობა 14 000-ია. ჩვენი სამიზნე არის თითქმის 2-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ეს მაჩვენებელია. ამდენად, მიმდინარე პერიოდში, კვირის ბოლომდე დამატებითი ვაქცინაციის ცენტრების გახსნა იგეგმება, რათა ვაქცინირებულთა რაოდენობა სამიზნე მაჩვენებლამდე ანუ 25 000 - 30 000 კაცამდე გაიზარდოს. ვაქცინების არსებული რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა და ვაქცინაციის ცენტრები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც დაემატება“, - განაცხადა გაბუნიამ.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე რაოდენობის მატებას, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაგვიანებით ხსნის. როგორც მან For.ge-ს უთხრა, საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია არ დაწყებულა, რაც თავის მხრივ, ეპიდვითარებას ართულებს.
„მასობრივი ვაქცინაცია არ დაწყებულა საქართველოში. მასობრივი ვაქცინაცია არის, რომ სულ მცირე 20-25 ათას ადამიანს ცრიდნენ, ამ მაჩვენებელს ჩამოვუვარდებით. რომც დაიწყოს მასიური ვაქცინაცია, ამას მყისიერი შედეგი არ მოჰყვება, ამას სჭირდება, რომ 60%-მდე ავიდეთ მოსახლეობის მოცვის მიხედვით.
მასობრივი ვაქცინაცია რომც დავიწყოთ, ამის შედეგს ვნახავთ ნოემბერ-დეკემბერში. ის, რომ ინიფიცირების ასეთი მაღალი რიცხვები გვაქვს, ამის შედეგია, სახელმწიფომ თავის დროზე არ შემოიტანა ვაქცინა, არ დაიწყო კამპანია მასობრივი ვაქცინაციის სასარგებლოდ, ინფორმაციის მიწოდება და ა.შ. რაც შემოვიდა, ისიც წყვეტილად და მისი მენეჯმენტი არ იქნა აწყობილი. ვაქცინაციის დაწყების პროცესი დავაგვიანეთ 6-7 თვე. გუშინდელი მონაცემებით, პირველი ვართ მსოფლიოში მილიონ მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით.
რა შეზღუდვებიც არსებობს, ამაზე კონტროლი არ ხორციელდება. შეზღუდვების მოხსნამდეც იყო ზრდის ტენდენცია. მხოლოდ შეზღუვდებში ნუ ვხედავთ ახსნას. შეკრებები, ნიღბის ტარება, ამაზე არის ზედამხედველობა? - რა მნიშვნელობა აქვს შეზღუდვას, თუ ის არ სრულდება და მონიტორინგიც ვერ ხორციელდება. შეზღუდვა არის დამატებითი იარაღი, რომელიც გეხმარება ძირითადი ხაზის გატარებაში. ეს არ არის გამოსავალი“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ For.ge-სთან.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტლების გახსნა და მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნა გახდეს საჭირო.
„არ გამოვრციხავ, რომ მსგავსი ღონისძიებები საჭირო გახდეს“, - ასე უპასუხა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ქვეყნის საველე ბრძოლაზე გადასვლას, მათ შორის საველე ჰოსპიტლების გახსნასა და მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნას გულისხმობდა.
რაც შეეხება პედიატრიული საწოლების მობილიზების საკითხს, ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში პედიატრიული საწოლების დეფიციტი არ არის.
„მხოლოდ დღეს რესპუბლიკურ საავამყოფოში 50 პედიატრიული საწოლი დაემატა. არცერთი ბავშვი არ დარჩება ექიმის მომსახურების და კლინიკის გარეშე, რომელსაც ესაჭიროება ექიმის და კლინიკის დახმარება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ელოდება, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ მოიმატებს, მაგრამ, როგორც მან აღნიშნა, ეს არ მიიღებს კრიტიკულ სახეს.
„პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, ეს ინფექცია ხომ არ დაემართათ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე ორჯერ იყვნენ აცრილები. მოიმატა რაოდენობამ, რადგან მოეშვა ხალხი. ეს მოხდა იმ პოლიტიკური შეკრებების შედეგად, რომელიც ცოტა ხნის წინ ვნახეთ. ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს დისტანციის არდაცვაც.
არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ რაოდენობამ მოიმატა, 3000 მგონია, რომ კიდევ ცოტაა. წესით, ყოველდღიურმა მაჩვნებელმა შეიძლება მოიმატოს, მაგრამ არა კატასტროფულად“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.