მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ხდება კომპიუტერულ თამაშებზე ავადმყოფურად დამოკიდებული.
მათ ვირტუალურ სამყაროში დროის გატარება უფრო ურჩევნიათ, ვიდრე მეგობრებთან „ცოცხალი“ ურთიერთობა.
ამ „დაავადებასთან“ ბრძოლის ზუსტი მეთოდიკა ჯერ შემუშავებული არ არის, თუმცა ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მაინც იმოქმედოს.
ცოტა ხნის წინ პეკინში კომპიუტერული თამაშების აკრძალვა-შეზღუდვის ბრძანება გამოვიდა. ამიერიდან ამ ქვეყანაში ინტერნეტში თამაში დღეში მხოლოდ სამი საათია ნებადართული.
იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე მაინც გააგრძელებს კომპიუტერთან ჯდომას, მას ავტომატურად გამოაგდებენ ქსელიდან.
ჯერჯერობით გაუგებარია, როგორ აპირებს ჩინეთის ხელისუფლება უზარმაზარი ინტერნეტ-სივრცის გაკონტროლებას.
ზოგადად გლობალური ქსელისთვის თვალყურის დევნება პრესისა და პუბლიკაციების ბიუროს ევალება, მაგრამ იქაურ ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ ეს სახელმწიფო ორგანო რაიმეს შეცვლას მოახერხებს.
თუ შეზღუდვები ჩინურენოვან ვირტუალურ თამაშებზე დაწესდება, მაშინ „თამაშომანები“ სხვა ენოვან კომპიუტერულ თამაშებს „მიაკითხავენ“ და ყოველგვარი აკრძალვა აზრს დაკარგავს.