28 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ-მექსიკოში Better Call Saul-ის გადაღებებზე მსახიობი ბობ ოდენკირკი დაეცა. მსახიობი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილი გახდა, შემთხვევის მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემაა. საბედნიეროდ, ბობ ოდენკირკი ახლა სტაბილურ მდგომარეობაშია.
"შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გულის პრობლემებთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ბობი სტაბილურ მდგომარეობაშია. მას და მის ოჯახს უნდათ, რომ მადლობა გადაუხადონ შესანიშნავ ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც მას უვლიან, აგრეთვე, გადამღებ ჯგფუს, მსახიობებსა და პროდიუსერებს, რომლებიც მის გვერდით დარჩნენ. ოდენკირკები მადლობას უხდიან მათ კეთილისმსურველებს..." — ვკითხულობთ მსახიობის წარმომადგენლის განცხადებაში.
AMC ცნობილი სერიალის მეექვსე, ფინალურ სეზონს იღებს, რომელიც 2022 წელს გამოვა. ისევე როგორც Breaking Bad, ცნობილ ადვოკატზე გადაღებული პრიქველი, სჯობს დაურეკოთ სოლს, ალბუკერკეშია გადაღებული.
ჯიმი მაკგილის, იგივე სოლ გუდმანის როლისთვის, ბობ ოდენკირკს ემის 4 ნომინაცია აქვს მიღებული, თუმცა მას ჯილდო სხვა ნამუშევრებისთვის აქვს მიღებული.
მსახიობს გამოჯანმრთელება მაიკლ მაკკინმა უსურვა, რომელიც სერიალში მის ძმას, ჩაკ მაკგილს ასახიერებდა:
"სიყვარულს გიგზავნი ბობ, შენ ამას გაუმკლავდები".