დღეს დილით გამოცემამ „Goal.com” გაავრცელა ცნობა, რომ იტალიურმა „ინტერმა“ ჰოლანდიის ეროვნული გუნდისა და მიუნჰენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი არიენ რობენის შეძენა მოისურვა.
ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა გასული სეზონის დასასრული სუსტად ჩაატარა. ამ მიზეზის გამო გერმანული კლუბის გულშემატკივრებმა ის შეიძულეს და მისი მისამართით სტვენა დღემდე არ შეუწყვეტიათ.
რობენს არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიუნჰენში თავს უბედურად გრძნობს და კლუბის გამოცვლაზე სერიოზულად ფიქრობს.
გასული წლის ზაფხულში „ინტერი“ რობენის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ ეს ტრანსფერი არ განხორციელებულა.
რამდენიმე დღის წინ იტალიური კლუბის მფლობელი მასიმო მორატი „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას დაუკავშირდა და რობენის გასაყიდი ფასის დასახელება მოსთხოვა.
გერმანული მას-მედიის მტკიცებით, „ბაიერნი“ ჰოლანდიელს არ დააკავებს და მსურველის გამოჩენის შემთხვევაში მის ტრანსფერს ხელს არ შეუშლის.