გუშინ გამოცემამ „Football Espana” საინტერესო ცნობა გაავრცელა. აღმოჩნდა რომ მომავალი სეზონისთვის ლონდონის „არსენალი“ შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას აპირებს.
ცნობილი გახდა, რომ ბრიტანული გუნდის მფლობელებმა კატალონიური „ბარსელონას“ სამი მოთამაშის შესაძენად 45 მილიონი ევრო უკვე გადადეს. ეს ფეხბურთელები დავიდ ვილია, ალექსის სანჩესი და ვიქტორ ვალდესი არიან.
„არსენალი“ ვალდესის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდის, სანჩესი 15 მილიონი დაუჯდება, ვილია კი 20 მილიონი ღირს.
საინტერესოა, რომ ზემოთდასახელებულ ფეხბურთელებს „ბარსელონას“ დატოვება სურთ. ბრიტანული მას-მედიის ცნობით, „არსენალის“ წარმომადგენლები „ბარსელონას“ ხელმძღვანელებს უკვე შეხვდნენ და ამ მოთამაშეების გაყიდვაზე დაითანხმეს.
დავიდ ვილია და ალექსის სანჩესი კატალონიის დედაქალაქში სუსტ სეზონს ატარებენ. კლუბმა მათ ახალი ხელშეკრულებები არ შესთავაზა.
რაც შეეხება კარის დარაჯ ვიქტორ ვალდესს. მიმდინარე წლის დასაწყისში ფეხბურთელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ესპანეთის პირველობის დასრულების შემდეგ „ბარსელონას“ აუცილებლად დატოვებს.