„არ მოეშვება სროლას, მანამ ერთ დღეს ტყვიას ფეხში არ მოირტყამს“ - ისევ გესლი და, რა თქმა უნდა, - ისევ თანამემამულეთაგან!

„არ მოეშვება სროლას, მანამ ერთ დღეს ტყვიას ფეხში არ მოირტყამს“ - ისევ გესლი და, რა თქმა უნდა, - ისევ თანამემამულეთაგან!

ტოკიოს 32-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები რთულ გზას დაადგა და სპორტის თაყვანისმცემლებს მოსაწყენად საქმე არ აქვთ. გზა კი გარკვეული წინაღობებითაა აღსავსე, რადგან კორონა უკან დახევას არ აპირებს და „ამომავალი მზის“ ქვეყანაში ჩასულ ათლეტებს მუდმივი დაძაბულობის პირობებში ამყოფებს.

გუშინ ტოკიოში Covid-19-ის 2848 შემთხვევა დაფიქსირდა, უშუალოდ ოლიმპიურ სოფელში კი თამაშების დაწყებიდან 110 „კორონაფაქტი“ გამოვლინდა. გაჩნდა მოსაზრება, რომ რამდენიმე დღეში ოლიმპიური თამაშების შეჩერების მოწმენი გავხდებოდით. საბედნიეროდ ჯერჯერობით ოლიმპიადას გაუქმება არ ემუქრება. გუშინ ამ თემას იაპონიის პრემიერ მინისტრი ესიჰიდე სუგა შეეხო: „დაწყნარდით, ყველაფერს გულდასმით ვაკონტროლებთ. ოლიმპიურ თამაშებს ჩაშლა არ ემუქრება“ - განაცხადა მან.

ოლიმპიურ თამაშებზე რამდენიმე ქართველმა ათლეტმა გამოსვლა უკვე მოასწრო. ალბათ, მეტი შეეძლოთ ძიუდოისტებს ლუხუმ ჩხვიმიანსა და ტატო გრიგალაშვილს, გაგვახარეს ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა. ბოლომდე იბრძოლა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მართლაც რომ უნამუსო მსაჯობის მსხვერპლი შეიქმნა.

ოლიმპიური თამაშების უგვირგვინო გამარჯვებული კი ქალბატონი ნინო სალუქვაძე აღმოჩნდა. ხუმრობა ხომ არ არის, ზედიზედ მეცხრე ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა. ქართველი ტყვიის მსროლელი მსოფლიო სპორტის ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც მონაწილეობა ცხრა ოლიმპიადაზე მიიღო. მართლაც რომ გასაოცარია ნინო სალუქვაძის სპორტული დღეგრძელობა. აკი განაცხადა კიდეც ტოკიოში შეჯიბრების დასრულების შემდეგ, მორჩა, სპორტულ კარიერას ვასრულებო.

სამწუხაროდ, მსოფლიოში და განსაკუთრებით კი საქართველოში როგორც კი წარმატებული ადამიანი გახდებით, გულს აუცილებლად გატკენენ. გამონაკლისი არც ნინო სალუქვაძე აღმოჩნდა.

„ეგ კიდევ ცხრა ოლიმპიადაზე გამოვა. ეგ მანამდე არ მოეშვება ტყვიის სროლას მანამ ერთ მშვენიერ დღეს ტყვიას ფეხში არ მოირტყამს“.

„ასტერიქსში და ობელიქსში რომ ოლიმპიადა იყო სალუქვაძე იქაც იყო ?“

„მასე 12-15-იც შეუძლია მაგრამ აზრი? ბებიაჩემმა გუშინ ჩუსტი უფრო ზუსტად მესროლა 15 მეტრიდან, ვიდრე ნინომ ტყვია 10 მეტრიდან“.

„ქალი ალექსანდრე მაკედონელის დედას ოლიმპიადას იცნობდა“.

რა გითხრათ. არ შეიძლება ყველაფერზე „შაყირი“ და ბოღმის გადმონთხევა. ნინო სალუქვაძის ტოკიოში გამოსვლას მსოფლიოს არაერთი წამყვანი საინფორმაციო საშუალება გამოეხმაურა. გაგიკვირდებათ და სალუქვაძეს რამდენიმე ტკბილი სიტყვა ცნობილმა ესპანელმა კალათბურთელმა პაუ გასოლმაც მიუძღვნა. ამ დროს, ქართველთა ნაწილი (საბედნიეროდ მხოლოდ ნაწილი) მისი გაქილიკებით დაკავდა. მესმის, რომ ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური გარემოა და ხალხის დიდი უმეტესობა ერთმანეთთან ჩხუბსა და გარჩევებშია ჩაბმული, მაგრამ ზომიერების დაკარგვა არ შეიძლება. რატომღაც დრომ მოიტანა რომ ჩემი თანამემამულეები ყველაფერში ცუდს ხედავენ. ეს მხოლოდ პოლიტიკას არ ეხება. ნინო სალუქვაძემ მსოფლიო სპორტის ისტორიაში გამორჩეული ადგილი დაიკავა, აქ კი ზოგიერთებმა მისი წარმატებების მიღმა მხოლოდ „საღადაო“ თემა დაინახეს. ასე ნორმალურ ქვეყანას ვერ ავაშენებთ, მერწმუნეთ.

ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ტოკიოს თამაშების გამარჯვებული ერთი მილიონი ლარით დაჯილდოვდებოდა. საინტერესო გახლდათ რამდენი იყო მეორე და მესამე ადგილებზე გასულებისათვის დადგენილი საპრიზო ფონდი. მოგახსენებთ: ქართველი ვერცხლისმედალოსნები 102 ათას ლარს მიიღებენ, ბრინჯაოს მედალოსნები კი - 68 ათას ლარს.

სანამ ქართველების ნაწილი ნინო სალუქვაძის სახელს ალექსანდრე მაკედონელისა და ასტერიქსი-ობელისკის დროებას უკავშირებდა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე რამდენიმე „ორიგინალური და ღირშესანიშნავი“ მოვლენა დაფიქსირდა. მაგიდის ჩოგბურთში 12 წლის სირიელი გოგონა ჰენდა ზაზა გამოვიდა, ქალ სკეიტბორდისტთა ასპარეზობაში კი 13 წლის იაპონელმა მომიძი ნისიამ იმარჯვა. არ ვიცი, ალბათ თუ ასე გაგრძელდა, ოლიმპიური თამაშები მალე არასრულწლოვან სპორტსმენთა პაექრობად გადაიქცევა.

კიდევ ერთი „გმირი“ არც მეტი და არც ნაკლები, 45 წლის ახალ ზელანდიელი ძალოსანი „ქალბატონი“ ლორელ ჰაბარდი აღმოჩნდა. ეს ვინღა არისო, ალბათ იკითხავთ. 2013 წლამდე მამაკაცთა შეჯიბრებებში მონაწილეობდა, შემდეგ განაცხადა, ტრანსგენდერი ვარო და ქალთა შორის ასპარეზობის უფლება ითხოვა. მწვანე შუქი მაშინ აენთო, როცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა წესები შეცვალა: ქალთა შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი ტესტოსტერონის დონეც ტურნირამდე 12 თვის განმავლობაში ლიტრზე 10 ნანომოლს არ აღემატება. „ბატონმა - ქალბატონმა“ ლორელმა ასპარეზობაში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად მიიღო. საინტერესო იქნება ოლიმპიურ ფიცარნაგზე მისი ხილვა...

დაბოლოს, კიდევ ერთი გამარჯვების მომსწრენი გავხდით, 90 კილოგრამამდე წონაში ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ფინალში ბექაურმა გერმანელი, 24 წლის ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.

ბექაური ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. პირველ შეხვედრაში მან პოლონელ პიოტრ კუჩერას ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი ბრძოლა შებოჭვით დაასრულა. მეორე ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი ისრაელის წარმომადგენელთან, ლი კოხმანთან ვაზარით აგებდა, თუმცა ჩამორჩენა ვაზარით და ავასატე-იპონით აღმოფხვრა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე დავლათ ბობონოვი იყო. 21 წლის ქართველმა უზბეკ ძიუდოისტს ჰანსოკუ-მაკეთი სძლია. ნახევარფინალში კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი, მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.

 

 

Katana . ვინ ღადაობს ნინო სალუქვაძეზე? -

3-გზის ოლიმპიურ მედალოსანზე!

5-გზის ევროპის ჩემპიონზე!

6-გზის მსოფლიო ჩემპიონზე!

თვითონ რაში არიან ჩემპიონები, საინტერესოა, ღლიცინსა და სახელოვანი თანამემამულეების ბრიყვულ ქილიკში?
3 წლის უკან