ბრიტნი სპირსის ახალმა ადვოკატმა, მეთიუ როზენგარტმა სასამართლოს ოფიციალურად მიმართა შუამდგომლობით, გათავისუფლდეს მომღერლის ქონება მამის, ჯეიმი სპირსის მეურვეობისა და განკარგვისგან, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
39 წლის სპირსი საკუთარ ქონებაზე მეურვეობის დაკისრებას ჯეისონ რუბინისთვის ითხოვს, რომელიც Certified Strategies-ის სერთიფიცირებული ბუღალტერია.
სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ბრიტნი სპირსის ფულადი ქონება $2.7 მილიონს აჭარბებს, უნაღდო აქტივების ღირებულება კი, $56 მილიონამდეა.
23 ივნისს ბრიტნი სპირსმა 2 წლის განმავლობაში პირველად მისცა ჩვენება სასამართლოს და მამის მეურვეობისგან გათავისუფლება მოითხოვა. მან განაცხადა, რომ მას მუშაობას აიძულებენ და დაორსულების ნებართვას არ აძლევენ.
ბრიტნი სპირსი თავისი მამის მეურვეობის ქვეშ 2008 წლიდანაა, მას შემდეგ, რაც ალკოჰოლსა და ნარკოტიკებთან პრობლემების გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. სასამართლოში მან აღნიშნა, რომ კლინიკაში თავისი სურვილის წინააღმდეგ მოათავსეს. მეურვეებს სრული კონტროლი აქვთ მომღერლის ცხოვრებასა და ფინანსებზე.