„ლოკდაუნზე“ ლაპარაკი არ არის. რეკომენდაციაა, ვაქცინაციის გაძლიერების კუთხით სიარული და ამასთან, არსებული რეკომენდაციების გამკაცრება. გონიერ ადამიანებს მივმართავთ, თვითონ უნდა შეუწყონ ხელი, რომ გამკაცრება არ დაგვჭირდეს, ეს არის მთავარი. სიტუაცია მართვადი და კონტროლირებადია, ჩვენი ეკონომიკისთვის „ლოკდაუნის“ გამოცხადება დიდი ტრავმა იქნება“, - ამის შესახებ ექიმმა და „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლადო კახაძემ For.ge-ს განუცხადა.
26 ივლისიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით - „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. მოქალაქეებს აცრა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქსა და 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ. ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 120-მდე ბრიგადა. მასობრივი ვაქცინაციის ფონზე, რა სურათს ვიღებთ შემოდგომისთვის?
- თხოვნა გვაქვს დაწესებულებებზე და მოქმედ საწარმოებზე თუ კერძო ბიზნესზე, რომ მათი სამუშაო ველი იყოს გამწვანებული, ანუ მოსახლეობამ გადადგას გონივრული ნაბიჯი აცრის მიმართულებით. როდესაც სადღაც სტუმრად მიდიხარ, უნდა იყო უსაფრთხო სტუმარი და როდესაც სტუმარს ელოდები - უსაფრთხო მასპინძელი.
ჩვენ ყოველდღიური მაჩვენებელი უნდა ავიყვანოთ 20 ათასსა და ზემოთ, თანაც ყველა ვაქცინით, რადგან აბსოლუტურად, ყველა ვაქცინა თანაბარი სიძლიერის არის, როდესაც საქმე ეხება გარდაცვალების და გართულების საკითხს.
ვაქცინირებული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა გადარჩება სიკვდილსა და გართულებას და რეანიმაციაში მოხვედრას. დაინფიცირების შემთხვევაში, მსუბუქად გადაიტანს და გამოათავისუფლებს, როგორც სტაციონარს, ასევე ყველა იმ გართულებას თავიდან აიცილებს, რომელიც მოსალოდნელია აუცრელობის შემთხვევაში.
ჩვენ გვაქვს მილიონი „სინოფარმი“ და „სინოვაკი,“ გვაქვს ნახევარი მილიონი „ფაიზერი,“ 2-3 თვის ინტერვალში შემოდის ერთი მილიონი „ფაიზერი“ და ნახევარი მილიონი „სინოფარმი.“ მთელი იმ პოპულაციის ასაცრელად, რომელიც გვჭირდება, 70%-ზეც რომ გავიდეთ, სამ თვეში ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მილიონ ნახევარი ადამიანის აცრა, რომელიც ძალიან დიდი ციფრია. დღეს გადატანილი დაავადებისა და უკვე ბუნებრივი იმუნიტეტის მქონე ადამიანი დაახლოებით მილიონია და გავდივართ იმ მაჩვენებელზე, რომ მივიღოთ 2,5 მილიონი წლის ბოლოს.
მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი „ლამბადა“ გაჩნდა. ახალი სახეობა პირველად პერუში, 2020 წლის აგვისტოში გამოვლინდა და მალევე გავრცელდა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. თუმცა, დღეს უკვე ახალი სახეობა 30-ზე მეტ ქვეყანაში ცირკულირებს. სტატისტიკის მიხედვით, „ლამბდა“ მსოფლიო მასშტაბით 700-მდე ადამიანს დაუდასტურდა. რამდენად არის ეს საშიში საქართველოსთვის?
- ვირუსი სახეს იცვლის და ისიც იბრძვის თავისი არსებობისთვის, რომ ჩვენი სისუსტე თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ეს მცდელობა ყოველთვის იქნება, მთავარია, ჩვენ, ადამიანები ვიყოთ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ, ვდგამდეთ გონივრულ ნაბიჯს, ვუწევდეთ ანგარიშს პროფესიონალთა რეკომენდაციას და მაქსიმალურად, კოორდინირების პირობებში დაცული ვიქნებით.
შტამი კიდევ ბევრი იქნება, მაგრამ ადამიანის ბრძოლისუნარიანობა, იმუნური სისტემა კორონავირუსების მიმართ, თავის მეხსიერებას იმახსოვრებს, იმუნურ სისტემას გადააწყობს შემდეგ ბრძოლის მაღალ კოეფიციენტზე და ეს ყველაფერი არის მიღწევადი.
არასწორი ინფორმაციის გავრცელება, „ფეიქ ნიუსები“, ანტივაქსერები ასუსტებენ იმუნურ სისტემას, რადგან იმუნური სისტემა ყველა შემთხვევაში მუშაობს ვირუსის სასარგებლოდ. გონივრული ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის უფრო მეტი სარგებლობის მომტანია.
დაბოლოს, არსებული ვაქცინები ნებისმიერ შტამის წინააღმდეგ ეფექტურია?
- ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს ოპერირებულია და ჯანმოს მიერ ნებადართულია, ყველა შტამის მიმართ დაცვითი ფუნქცია აქვს, სიკვდილისა და გართულებისგან იცავს ძალიან მაღალი პროცენტით.