შავ ზღვაზე ხუთბალიანი შტორმისა და თავსხმა წვიმის ფონზე ბათუმში, მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავთან მიმდინარე ღია წირვას უამრავი ადამიანი დაესწრო. for.ge-მ ბათუმში ჩასვლა და იქიდან ჩვენი მკითხველისთვის რეპორტაჟის მოწოდება (ისე, როგორც ეს გასული წლის 4 მარტს გავაკეთეთ) სამწუხაროდ, ვერ შეძლო.
წირვა აღავლინა ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ (შიოლაშვილმა). წირვის დასრულების შემდეგ სხალთის ეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა (აბულაძემ) იქადაგა. მან ბათუმში დაგეგმილ მეჩეთის აშენებას საშინელი ცოდვა უწოდა. მეუფე სპირიდონის ამ ქადაგებიდან იმ ნაწილს, სადაც იგი მეჩეთზე საუბრობს, სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ, იმ ვიდეოკადრებიდან, რომელიც 4-წუთიანია და „ბათუმელების“ გადაღებულია.
გასული წლის 4 მარტს საზეიმო წირვა აღევლინა საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპულების სულთა საოხად და თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების ფარგლებში ბათუმში სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენების მცდელობის წინააღმდეგ. ამინდი მაშინაც ძალიან ცუდი იყო. გენერალ მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავთან ქედიდან, შუახევიდან, ხულოდან (კერძოდ სხალთის ხეობიდან), თბილისიდან, ქობულეთიდან, სალიბაურიდან და რუსთავიდან ჩამოსული მართლმადიდებლები და მუსულმანები ბათუმლებთან ერთად იდგნენ საზეიმო წირვაზე.
რა ხდებოდა წლევანდელ წირვაზე, ვიდეოკადრებში თავად ნახავთ და მოისმენთ ქადაგებას. წელს ბათუმში მეჩეთის აშენების საკითხი ისევ ძალაშია. მართალია მას არ ერქმევა აბდულ აზიზიეს სახელი, მაგრამ მეჩეთი თურქეთთან პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე უნდათ ააშენონ, რაც დასტურდება საქართველოს და თურქეთის ხელისუფლების წევრების საჯარო განცხადებებით.
ახალი ხელისუფლება, წინამორბედის მსგავსად ბათუმელების პოზიციას (და არა მარტო ბათუმელების) არაფრად აგდებს, შავზე გვიმტკიცებს თეთრიაო და ირწმუნება, რომ მეჩეთის აშენება სალოცავი სივრცის უკმარისობითაა განპირობებული.
მეუფე სპირიდონი: „...უძველეს ქრისტიანულ კუთხეში, აი, ამ უძველეს სარწმუნოების კუთხეში, აი, ამ კუთხეში, სადაც დაარსდა პირველად დედა ეკლესია, უნდათ რაღაც უცნაური, ქართველი ხალხისთვის მიუღებელი, რაღაც უცხო სარწმუნოება შემოიტანონ და რაღაც ააშენონ იმათი მეჩეთი. ეს არის საშინელი ცოდვა.
ეს არის ის ქვეყანა, რომელმაც ასი ათასობით ქართველი გაწყვიტა. ეს არის ის სარწმუნოება, რომელამაც ასი ათასობით ქართველს თავები დააჭრა და ამოდით ზემო აჭარაში და ჰკითეხეთ ნებისმიერ ადამიანს, ყველა გეტყვით, აჭარლები, რომ იქ უამრავი ციხეები იყო, ყალაბოინებს ეძახდნენ, თავსაკვეთებს.
აჭარის წყალი სისხლიანი მოდიოდა, დგამდნენ იქ თურქები სახჩობელებს, თავსაკვეთებს, თავებს ჭრიდნენ ქართველებს და ასე იძულებით გააკეთეს ის, რომ შემოიტანეს საქართველოში და უნდოდათ შემოეტანათ ისლამი.
როგორც ჩანს, ვეღარ გაძღნენ ჩვენი სისხლით, ქართველების სისხლით. აჭარა არის პირველი აკვანი ქრისტიანობის და ყოველთვის იქნება, ყოველთვის იქნება ქრისტიანობის აკვანი და ფუძე. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ...“