არჩილ თალაკვაძე: თეა წულუკიანი შესახებ ორმა პროპაგანდისტულმა კომპანიამ კონტექსტიდან ამოჭრილი მასალა გაავრცელა

არჩილ თალაკვაძე: თეა წულუკიანი შესახებ ორმა პროპაგანდისტულმა კომპანიამ კონტექსტიდან ამოჭრილი მასალა გაავრცელა

თეა წულუკიანს აქვს გუნდის და ჩემი სრული პოლიტიკური მხარდაჭერა, ყველა საუკეთესო წამოწყებაში. რაც შეეხება იმ კონკრეტულ ფაქტს, რასაც ასევე ტენდენციურად აშუქებდა ეს ორი პროპაგანდისტული კომპანია, სინამდვილეში ეს იყო კონტექსტიდან ამოჭრილი მასალა და ისინი მოვალეები იყვნენ მთლიანად გაეშუქებინათ რა იმ დღეს მოხდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მე გეტყვით რა ინფორმაცია მაქვს, როდესაც თეატრის გახსნა მიმდინარეობდა, მინისტრი მედიასთან იმყოფებოდა და აბსოლუტურად ღიად პასუხობდა ყველა შეკითხვას. შესაბამისად მედიას ჰქონდა საშუალება დაესვა ყველა შეკითხვა და მიეღო პასუხები, რომლისთვისაც მინისტრი მზად იყო. როდესაც მორჩა მედიასთან ბრიფინგი, ამის შემდეგ მინისტრი და სტუმრები შევიდნენ დარბაზში „მთავარი არხის“ ჟურნალისტი შევარდა პარტერში და კონკრეტულად მინისტრზე არაეთიკური ფორმებით მიიტანა აგრესია და ამასთან დაკავშირებით ჰქონდა ქალბატონ თეას ის რეაქცია რაც დავინახეთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეები ცხოვრობენ განცდით, რომ მედიის ნაწილი მთლიანად გადაფორმებულია რადიკალური ოპოზიციის მართვაში. „ამის უკან დგანან არა ჟურნალისტები, არა მედიაპროფესიონალები, არამედ ყოფილი დამნაშავეები და პოლიტიკური ჩინოვნიკები. ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ გვარამია არის პროფესიონალი ან მელაძე დამოუკიდებელი ჟურნალისტი. ისინი არიან პოლიტიკურად დაქირავებული ადამიანები, რომლებიც დაკვეთებს აძლევენ ჟურნალისტებს, ესაა რეალობა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

22 ივნისს სენაკის თეატრში განათლების მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა.

„მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ 23 ივლისს თეა წულუკიანის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას მიმართა. გვარამია მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.