ელენე ხოშტარია:  სიძულვილი არის ქვეყნისთვის დამანგრეველი

ელენე ხოშტარია:  სიძულვილი არის ქვეყნისთვის დამანგრეველი

გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით გააკრეს ზიზღის პლაკატები და პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ პოლიტიკურ პოზიციაზეა, – განაცხადა ოპოზიციის ნაწილის მიერ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მხარდაჭერილმა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, ეს არის ამომრჩევლის შეურაცხყოფა, რადგანაც საბჭოთა ტრადიციებით, ადამიანებს უქმნიან ზიზღისთვის სამიზნეებს და ამით ცდილობენ, მათი ტვინებითა თუ ემოციებით მანიპულირებას.

„ეს საბოლოოდ ქვეყნისთვის ძალიან საშიშ მოვლენას – ზიზღს, დაპირისპირებასა და სიძულვილის იწვევს. სწორედ ამ სიძულვილის დასრულება არის მთავარი ამოცანა და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ პოზიციაზე დგას. სიძულვილი არის ქვეყნისთვის დამანგრეველი.

ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სიძულვილის კამპანია აგრძელებს ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე თავდასხმას, რასაც შეეწირა ადამიანის სიცოცხლე და დღემდე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ჟურნალისტები ჯერ კიდევ მკურნალობენ. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ დასაჯოს ყველა ორგანიზატორი, იმ წარმოუდგენელი ძალადობის, რაც მოხდა, რადგან ისინი გაღიზიანებული არიან ჟურნალისტებით, ზიზღის ობიექტებად გამოაკრეს სწორედ ის ჟურნალისტები და იმ მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც თავად დაესხნენ თავს. ეს არის წარმოუდგენელი ცინიზმი, უსამართლობა და ქვეყნისთვის დამანგრეველი.

ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ეს ხალხის შეურაცხმყოფელი სიძულვილის თესვა არის საშიში, დამანგრეველი საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის. ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ პირიქით, გამრთელდეს ხიდები და შევძლოთ, თუნდაც განსხვავებების შემთხვევაში ვიკამათოთ, მაგრამ არასდროს გავიმეოროთ ეს სიბოროტე, რომელიც ქალაქში დაგვხვდა.

ჩვენ კარგად გვინახავს, როგორ იქცევა მერია, როდესაც აქტივისტები, მაგალითად, ანტისაოკუპაციო სტიკერებს აკრავენ ქალაქებში, მათ უკან დასდევს სუს-ი, პოლიცია – იჭერენ, ურტყამენ, აჯარიმებენ და მომენტალურად ხევენ. ჩვენ ვნახეთ ქალაქის მერია და მერობის კანდიდატი, რომელიც პეპლებზე და სიმწვანეზე გვესაუბრება, აძლევს საშუალებას და უფლებას, რომ ეს ყველაფერი ქალაქში თავისუფლად მოხდეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ცალკე დადგება ამ სიძულვილისა და სიბინძურისგან, ძალიან ცდება“, – აცხადებს ხოშტარია.

Katana . განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რომ ამას ლაპარაკობს ქალი, - ნაცების ყოფილი მაღალჩინოსანი! - რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული, შვიშტოკით დარბის ქუჩებში და ზიზღსა და სიძულვილს აფრქვევს ირგვლივ, როგორც ვენახის მწკრივებს შორის მიმავალი ტრაქტორი - საწამლავს!..
2 წლის უკან