გიორგი ამილახვარი: პრემიერის არასრულწლოვან შვილებზე თვალთვალი და ჩასაფრება სცდება ჟურნალისტურ ეთიკას

გიორგი ამილახვარი: პრემიერის არასრულწლოვან შვილებზე თვალთვალი და ჩასაფრება სცდება ჟურნალისტურ ეთიკას

„ქართული ოცნების“ წევრები მთავრობის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურნენ.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ პრემიერის არასრულწლოვან შვილებზე ხორციელდება თვალთვალი და ჩასაფრება ეს სცდება ყველანაირ ჟურნალისტურ ეთიკას. ამიტომ დარწმუნებულები ვართ ამ ფაქტს შესაბამისი შეფასება მოჰყვება“,- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ სახალხო დამცველის პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციასთანაა გაიგივებული.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია ბავშვებს განსაკუთრებული ხელშეუხებელი პირობები ჰქონდეთ.

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა გუშინ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ვიდეო და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა „ტვ პირველის“ ჟურნალისტი და მათ კითხვებს უსვამდა, ხოლო შემდეგ სახლის ეზოს ფარულად კადრებს უღებდა.