ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტი პრემიერ-მინისტრის მშობლიურ რაიონში დედოფლისწყაროში იმყოფებოდა და პრემიერის სახლს „დარაჯობდა“, რათა ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ჩაეწერა. ჟურნალისტის მცდელობის ამსახველი ვიდეო მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმაც გამოაქვეყნა.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილს აღნიშნულმა ფაქტმა ტელეკომაპანიის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის წარსულში ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული კიდევ ერთხელ გაახსენა.
„დავწერე და კიდევ დავწერ - „ტვ პირველის“ მფლობელმა უკვე მოუკლა ერთ უბედურ ქართულ ოჯახს ულამაზესი ბიჭუნა. მოუკლა და გაექცა მართლმსაჯულებას. მე არ ვიცი - რა აქვს მას და მის მედია-ქილერებს ჩაფიქრებული, სხვა ბავშვებთან მიმართებაში. განსაკუთრებით, როდესაც დილის 6 საათიდან, დედოფლისწყაროში, პრემიერის მშობლების სახლთან ჩასაფრებულები ელოდებიან იქიდან ბავშვების ეზოში გამოსვლას. ვიმეორებ, ეს არის ბავშვის მკვლელის ტელევიზია! თუ 20 წლის წინ კორუმპირებულმა გარემომ გადაარჩინა ციხეს - დღეს „ჟურნალისტური ხელშეუხებლობით“, „კრიმინალ/პოლიტპატიმრობის“ პრეცედენტით ცდილობენ სამომავლოდ ჩასადენ ყოველ დანაშაულზე პოლიტიკური ინდულგენცია მოიპოვონ. ამიტომ - ათმაგად საშიშნი არიან! მოაცილეთ მკვლელი ვატო წარეთლის დაქირავებული თანამშრომლები ბავშვებს!“ - დაწერა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში.
დავით ქართველიშვილი: სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის დამ, თეა ღარიბაშვილმა შემაშფოთებელი პოსტი გამოაქეყნა, რომელიც წერდა, რომ დილის 6 საათიდან მისი მშობლების სახლთან „ტვ პირველის“ ჟურნალისტი დარაჯობდა და ელოდებოდა ბავშვების ქუჩაში გასვლას, რათა მათთვის კითხვები დაესვა.
აქ ორი მომენტია ძალიან საინტერესო - პირველი, პირად ცხოვრების სივრცეს ისე უსირცხვილოდ არღვევენ, ისე შედიან პრემიერ-მინისტრის პირად სივრეში, რომ ამაზე პასუხს არავინ აგებს. არ აგეს იმიტომ, რომ რატომღაც ამ ქვეყანაში დამკვიდრდა ასეთი მანკიერება, რომ თუკი შენ ოპოზიციური მედიის წარმომადგენელი ხარ, შენ გაიგივებული ხარ პოლიტმუშაკთან და შენ, თითქოსდა, თავისუფალი ხარ. სამწუხაროდ, ქმნიან ჟურნალისტური ხელშეუხებლობის შეხედულებას და ყოველ არსებულ თუ არარსებულ შემთხვევაში უჩივიან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, თითქოსდა საქართველოში მედიას ავიწროვებენ. თუმცა, ეს სრული სისულელეა. დღეს რომ საქართველოში მედია თავისუფლებით სარგებლობს, ასეთი თავისუფლებით ჟურნალისტები ამერიკაშიც კი არ სარგებლობენ.
მეორე პრეცედენტი - შეიძლება იყო კრიმინალი, რეციდივისტი, მაგრამ თუ მიეტმასნები რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, შეიძლება, მთელი დასავლური სამყარო ჩააყენო საქმის კურსში, მიიკერო ე.წ. პოლიტპატიმრის იარლიყი და ამ მანტიით გამოხვიდე უკანონოდ, უსამართლოდ, თუმცა, გამოხვიდე თავისუფლებაზე.
ამ საქციელით ცდილობენ თუ არა, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახი პროვოკაციაზე წამოაგონ?
- მათი მიზანი ეს არის, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახი პროვოკაციაზე წამოაგონ. დღეს იყო ასევე სამარცხვინო სანახაობა, როდესაც პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა რეგიონული განვითარების და ინფრასტრქტურის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის განვითარების პრეზენტაციაზე და იქიდან გამოსულს არც ერთი შეკითხვა არ დაუსვევს ამ გეგმასთან დაკავშირებით. თავად კითხვის დასმის მანერა არ იყო ჟურნალისტური, ეს იყო თავდასხმა, პირდაპირი ბულინგი, რათა გამოეყვანათ მწყობრიდან, რომ წამოსცდენოდა რამე, ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა მათთვის, ან ხელი ეკრა მოძალადე ჟურნალისტებისთვის, რათა შემდეგ ეს მომენტი დაეფიქსირებინათ. პრემიერის გაძლებას მინდა ჰიმნი მივუძღვნა... რასაც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გაუძლო პრეზენტაციის შემდეგ... პლუს მისი მშობლების სახლთან, არიან ჩასაფრებულები, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციაზე გათვლილი ნაბიჯები.
ამ მედიის წარმომადგენლებს თქვენ ე.წ. ჟურნალისტებს უწოდებთ, ასევე თქვენს პოსტში გეწერათ, რომ „ტვ პირველის“ მფლობელმა ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე შეიწირა. გულისხმობთ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას?
- ლექსო ლაშქარავას თავი დავანებოთ. როდესაც „ტვ პირველის“ სათავეში დგას ადამიანი, რომელმაც 2000 წლის ივნისში 15 წლის ბავშვი ორთაჭალაში მოკლა უბედური დედის თვალწინ, სწორედ ეს შემთხვევა მაქვს მოყვანილი ჩემს სტატუსში. იმ დროს, როდესაც ტოტალური კორუფცია იყო, ვატო წერეთლის მამა, ჭუტა წერეთელმა ყველანაირ დონეზე ეს საქმე ჩაფარცხა. ჩვენებები გადაათქმევინა თვითმხილველებს და მოწმეებს. მიუხედავად იმისა, რომ მართლმსაჯულება იმ მომენტში ვერ დაეწია ბავშვის მკვლელ ვატო წერეთელს, ფაქტი ხომ არსად არ ქრება არც იმ ოჯახის მეხსიერებიდან და არც საზოგადოების მეხსიერებიდან. ამიტომ, მე შემიძლია მას მკვლელი ვუწოდო. თუმცა, აქედან გამომდინარე, როდესაც ერთ-ერთ ოპოზიციურ ტელევიზიას ბავშვის მკვლელი ხელმძღვანელობს, ხომ ძალიან ცუდად ჟღერს ინფორმაცია, რომ ამ ადამიანის მოგზავნილი თანამშრომლები სწორედ ბავშვებს დარაჯობენ. რა მიზნით დარაჯობენ? რა უნდათ? მორალურ პასუხისმგებლობაზე მაქვს საუბარი და არა სისხლისამართლებრივზე.
ბატონო დავით, რაც ახლა გვითხარით, ეს თქვენთვის დაზუსტებული ინფორმაციაა, რადგან საქმე მკვლელობას ეხება?
- ამ საქმეზე ტელეკომპანია „პოსტივიმ“ 40 წუთიანი საგამოძიებო ფილმი გააკეთა. ფილმში მოკლული ბიჭის დედა საუბრობს, რომელიც დღესაც შავებში დადის და დღესაც ტირის. ფილმში ჟურნალისტმა ვატო წერეთლის პირად მცველებს დაურეკა, რადგან ისინი საქმეში გადიოდნენ. კითხვაზე - ახსოვდათ თუ არა მათ ეს საქმე, ისეთ უსუსური თავის დაძვრენის მცდელობა დავინახეთ, ყველანი დავრწმუნდით იმაში, რომ მოსყიდულები არიან და გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცეს.
5 ივნისის შემდედ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიის მხრიდან დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება. საუბარი არის, რომ ის გადადგება კიდეც. თქვენ რას ურჩევდით პრემიერს?
- „ქართულ ოცნების“ შიგნით პრემიერ-მინისტრის გადადგომა არავის უნდა. ეს ინფორმაცია აბსულუტური ფეიკია. რაც შეეხება სხვა გარემოებებს, პრემიერს ვურჩევდი - მე ძალიან მიყვარს სიცხიან ზაფხულში ტყეში სიარული, მაგრამ იქ მაგიჟებს კოღოების გადაჭარბებული რაოდენობა. კოღოებზე გაგიჟებული ვიყო და ამ ხასიათით შევიდე ტყეში, თუ კოღოების არსებობას შევეგუო, უბრალოდ, კოღოების დამცავი შევიძინო და ვისიამოვნო იმით, რაც მომწონს? ამიტომ, პრემიერი ამ მავნებლებს უნდა შეეგუოს და გააკეთოს ის საქმე, რომელსაც მოსახლეობა მისგან ელოდება.