პაატა იმნაძე: ამჟამად, ქვეყანაში ყველა ტიპის ვაქცინაა - ყველა გემოვნების ადამიანისთვის

პაატა იმნაძე: ამჟამად, ქვეყანაში ყველა ტიპის ვაქცინაა - ყველა გემოვნების ადამიანისთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში, უკვე ვაქცინების დიდი არჩევანია და მოქალაქეებს აქვთ საშუალება, მათგან სასურველი აირჩიონ.

„ამჟამად, ქვეყანაში ყველა ტიპის ვაქცინაა - ყველა გემოვნების ადამიანისთვის. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ვაქცინის გამოყენებისთვის, სხვადასხვა ასაკში, განსხვავებული რჩევები და რეკომენდაციები არსებობს. ასე რომ, ორშაბათიდან, ქვეყანაში იქნება ყველა ვაქცინა, ყველა შესაძლო არჩევანისთვის. ყველას შეეძლება, აირჩიოს სასურველი ვაქცინა და აიცრას“, - აცხადებს პაატა იმნაძე.

რამდენიმე საათის წინ, ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოში საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა შემოვიდა. დღესვე, ლიეტუვამ საქართველოს „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა აჩუქა.

„ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. პირველ დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეიდან, 12:00 საათიდან შეეძლებათ, აცრა კი 26 ივლისიდან დაიწყება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 400 698 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 371 434, გარდაიცვალა 5 665 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილი მოქალაქეებისთვის, საკოორდინაციო საბჭო შეღავათების საკითხს განიხილავს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, დაწესებულებებს, სადაც ყველა თანამშრომელი აიცრება, ე.წ. „მწვანე“ სტატუსი მიენიჭოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.