ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას

ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას

ჩვენ გვაქვს სრული მზაობა მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია. აუცილებელია ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის აეროპორტში განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ ამერიკის მიერ ნაჩუქარი 500 ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი დაეშვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მთავრობას და ელჩ კელი დეგნანს ამ საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკის მთავრობას გადავუხადო მადლობა ასევე იმ დახმარებისთვის რაც ამერიკამ გაუწია საქართველოს კოვიდპანდემიის მართვის დროს და მის შემდეგ. ახლა უკვე კონკრეტული დახმარებისთვის, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწდებითვის“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ 1 000 000 დოზა „ფაიზერი“ უშუალოდ მომწოდებლისგან შეისყიდა. „ფაიზერისგან“ ვიყიდეთ ერთი მილიონი დოზა, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა საქართველოში. მე კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო, რომ ყველა ჩავერთოთ ამ კამპანიაში, რათა დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მეგობრების, ახლობლების, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოს რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საჩუქრად გადმოეცემა, პრემიერ-მინისტრმა 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

17 ივლისს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საუბარია ნახევარ მილიონ დოზაზე. მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.