ეკატერინე ტიკარაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის სახლის კარამდე მივიტანოთ ვაქცინა

ეკატერინე ტიკარაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის სახლის კარამდე მივიტანოთ ვაქცინა

ძალიან ემოციური საღამოა ჩვენთვის, ყველასთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის მთავრობას. ეს არის პანდემიის მართვის პერიოდში ნამდვილად უპრეცედენტო, ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ამერიკის მიერ გადმოცემული pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზის დახვედრის შემდეგ განაცხადა.

„პანდემიის მართვის პერიოდში არაერთი დახმარება მიგვიღია ამერიკის მთავრობისგან, რისთვისაც ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მათ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი დააფასებს ამ დახმარებას და შესაბამისი მოქმედებებითა და ღონისძიებებით ჩვენ ყველა აქტიურად ჩავერთვებით ვაქცინაციის მასობრივ კამპანიაში. რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, თავის მხრივ უზრუნველყოფს ყველა იმ პირობას, რაც საჭიროა იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის სახლის კარამდე მივიტანოთ ვაქცინა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ელჩს კიდევ ერთხელ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოს რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საჩუქრად გადმოეცემა, პრემიერ-მინისტრმა 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

17 ივლისს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საუბარია ნახევარ მილიონ დოზაზე. მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.