კელი დეგნანი: Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა არის საჩუქარი პრეზიდენტ ბაიდენისგან, ნიშნად ჩვენი მეგობრობისა

კელი დეგნანი: Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა არის საჩუქარი პრეზიდენტ ბაიდენისგან, ნიშნად ჩვენი მეგობრობისა

ამერიკელი ხალხის სახელით მოხარული ვართ, რომ დავხვდით pfizer-ის ნახევარ მილიონ დოზას. ეს არის საჩუქარი პრეზიდენტ ბაიდენისგან, ამერიკის მთავრობისგან ქართველი ხალხისთვის ნიშნად ჩვენი მეგობრობისა. ძალიან მოხარული ვართ, ეს სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინა გადმოგცეთ, როგორც ნიშანი სტრატეგიული პარტნიორობისა, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა აეროპორტში, ამერიკის მიერ გადმოცემული pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზის დახვედრის შემდეგ განაცხადა.

„აშშ-მ მხარი დაუჭირა საქართველოს ძალისხმევას მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით პანდემიის დასაწყისიდანვე. ახლა ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ის, რასაც ნამდვილად შეუძლია შეებრძოლოს ამ გლობალურ პანდემიას. ეს გახლავთ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. ეს 500 ათასი დოზა ვაქცინა დაემატება იმ 9 მილიონი დოლარის დახმარებას, რაც აშშ-მ გაუწია საქართველოს პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად, მათ შორის სამი განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე მაცივრის გადმოცემა, ასევე ჟანგბადის აღჭურვილობის გადაცემა რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს სამასი პაციენტისთვის საჭირო რაოდენობის მაღალი ხარისხის ჟანგბადის მიწოდებას. მინდა პირადად მადლობა გადავუხადო ქალბატონ ტიკარაძეს და სამინისტროს თანამშრომლებს მათი დაუღალავი შრომისთვის, არაჩვეულებრივი კოორდინაციისთვის, იმისთვის, რომ უზრუნველყვეს ამ ვაქცინის დროულად მისვლა ქართველ ხალხთან. მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეკუთვნის ვაქცინაცია საქართველოში, რომ ისარგებლოს ამ შესაძლებლობით, აიცრას რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ეს გახლავთ საუკეთესო გზა თქვენი და თქვენი ძვირფასი ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად და ეს არის ერთადერთი გზა ეკონომიკის აღდგენისთვის. მე უკვე გავიკეთე pfizer-ის ორი დოზა, ასევე ჩემი საელჩოს გუნდის უმეტესმა ნაწილმა და მე გირჩევთ და მოგიწოდებთ, რომ აიცრათ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.