ვაინშტაინი სექსუალური ძალადობის 11 საქმეზე თავს დამნაშავედ არ ცნობს

ვაინშტაინი სექსუალური ძალადობის 11 საქმეზე თავს დამნაშავედ არ ცნობს

ჰარვი ვაინშტაინი 21 ივლისს ნიუ-იორკის ციხიდან, სადაც 23-წლიან სასჯელს იხდის, ლოს-ანჯელესში გადაიყვანეს, რადგან სასამართლოს მის წინააღმდეგ წარდგენილი სექსუალური ძალადობის კიდევ რამდენიმე საქმეზე განაჩენი უნდა გამოეტანა.

ამჯერად ვაინშტაინის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის 11 ბრალდება განიხილებოდა, რომლებიც ხუთ სხვადასხვა ქალს უკავშირდებოდა. მათ შორის იყო გაუპატიურების შემთხვევაც. ინციდენტები 2003-2013 წლების შუალედში ლოს-ანჯელესში მოხდა, ამიტომაც განიხილავდა აღნიშნულ შემთხვევებს ამ შტატის სასამართლო.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ვაინშტაინს 140-წლიანი სასჯელი ემუქრება.

69 წლის ჰარვი ვაინშტაინი არცერთ ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სექსუალური სახის ყველა კავშირს ურთიერთშეთანხმებით ამყარებდა.

"ეს ბრალდებები უსაფუძვლო, ძალიან, ძალიან ძველი და დაუდასტურებულია", — განაცხადა ადვოკატმა მარკ უიერკსმენმა მოსმენის შემდეგ.

ვაინშტაინი სასამართლო სხდომაზე ეტლში მჯდომი გამოჩნდა და მხოლოდ ერთხელ დაილაპარაკა, როცა მოსამართლეს მადლობა გადაუხადა.

ვაინშტაინის წინააღმდეგ ბრალდებების განხილვა ამით არ დასრულებულა: კიდევ გრძელდება გამოძიება იმ 80-ზე მეტი ქალის მიერ გამოთქმული ბრალდებების ნაწილის შესახებ, რომლებიც მას წლების წინ, სხვადასხვა დროს ჩადენილ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ანალოგიური ბრალდებების გამო ნიუ-იორკის სასამართლომ მას 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წლის ბოლო ის არაერთმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, რამაც #MeToo მოძრაობას საფუძველი ჩაუყარა. 80-ზე მეტმა ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში, თავდასხმასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულა.