საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შესაძლოა ეპიდვითარების დასტაბილურების შემდეგ აღსდგეს - ქართველ ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, იმის ფონზე, როცა დასავლეთის მაღალჩინოსნების ვიზიტები აქტიურად ხორციელდება, რუსეთი ცდილობს, რომ „კეთილი ნება" გამოავლინოს და „მათრახისა და თაფლაკვერას" პოლიტიკა ჩაატაროს, ნაწილი კი სკეპტიკურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ შესაძლოა ეს განცხადებაც „უკან წაიღოს".
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო „რია ნოვოსტთან" აღნიშნავს, რომ საქართველოსთან ფრენები ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების შემდეგ გახდება შესაძლებელი, მისი თქმით, 2019 წელს ავიამიმოსვლის აკრძალვა „იძულებითი ღონისძიება" იყო.
„2019 წლის ივლისში რუსული ავიაკომპანიებისთვის დაწესებული აკრძალვა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო გადაზიდვების განხორციელებაზე, ცნობილი ანტირუსული პროვოკაციებით გამოწვეული იძულებითი ზომა იყო. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ზომები დროებითია.
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილი გამოიტანა მომხდარიდან, და კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების შემდეგ გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს დავუბრუნდეთ", - განაცხადა რუდენკომ.
როგორც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, შეიძლება რუსეთმა ეს განცხადებაც უკან წაიღოს, თუმცა პანდემიის გათვალისწინებით, შესაძლოა ფრენების აღდგენა იმიტომაც აწყობდეს, რომ ფინანსური თუ სხვა შეზღუდვების გამო, რუსი ტურისტები შორს ვეღარ მიდიან.
„ფრენების შეწყვეტამ ქვეყანა ეკონომიკურად რამდენად დააზარალა არ ვიცი, ეს ალბათ ეკონომისტების დასათვლელია, მაგრამ, ზოგადად ნებისმიერი ასეთი შეზღუდვა პირველ რიგში ალბათ მხოლოდ ეკონომიკაზე არაა საუბარი, იქ ხალხი ძალიან დიდ უხერხულობაში აღმოჩნდა, რადგან პირდაპირი ფრენა როცა არაა, როგორც ტურისტებისთვის ასევე ქართველებისთვის, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის.
„კოვიდპანდმიის პირობებში რუსი ტურისტები ძველებურად ეგვიპტეში და სხვა ქვეყნებში ვეღარ მიდიან,მათაც გარკვეული შეზღუდვები აქვთ, კოვიდის გამო ხალხს თანხებიც აღარ აქვთ, როგორც წინათ ჰქონდათ და ამიტომ ურჩევნიათ, რომ უახლოეს ქვეყნებში იმოგზაურონ.
„ჩემი აზრით მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული და ალბათ მათი აზრით ეს დასასრულიც მოვიდა, ვთქვათ, შეიძლება ფიქრობენ, რომ სადამდე უნდა იყოს ასე, მერე შესაძლოა ეს ქვეყანა შეეჩვიოს და ასეთი ტიპის აკრძალვა ისეთი ეფექტური აღარ გამოუვიდეთ.
„თუ გავითვალისწინებთ იმ სიტუაციას, რაც საქართველოში ხდება, რუსეთისთვის დამატებითი კოზირივითაა, რომ ყოველ შემთხვევაში ეს განცხადების დონეზე, რომ გააკეთოს არაფერს არ კარგავს, მერე შეუძლია ესეც უკან წაიღოს, როგორც ბევრჯერ გაუკეთებია. ასე, რომ ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად მოხდება,"- განაცხადა კაქკაჩიამ.
ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით კი რუსეთი ამ შემთხვევაში რბილ ძალას იყენებს და დასავლელი მაღალჩინოსნების საქართველოში აქტიური ვიზიტების ფონზე „თაფლაკვერის და მათრახის" პოლიტიკას ატარებს.
„რუსეთი ამ შემთხვევაში ე.წ. რბილ ძალას იყენებს, რომ თითქოს კეთილი ჟესტი აქვს, რომ გარკვეული მიმართულებით საქართველოსთან ურთიერთობები აღადგინოს, ამ შემთხვევაში საჰაერო მიმოსვლაზეა საუბარი. მიმოსვლის შეწყვეტა „გავრილოვის ღამის" შემდგომ პერიოდში მოხდა, ამიტომაც ახლა თითქოს ცდილობს, რომ თაფლაკვერის პოლიტიკა აწარმოოს.
„რუსეთი ხან მათრახის, ხან თაფლაკვერის პოლიტიკას აწარმოებს, მაგრამ, ხანდახან ცდილობს, რომ ქართველების გულისმოსაგებად განაცხადოს, რომ შესაძლებელია, რომ ფრენები აღდგეს.
„შესაძლოა ფრენების შეჩერებამ საქართველოს გარკვეული ზიანი მიაყენა, რადგან პანდემიამდე შემოსული რუსი ტურისტების ძირითადი მასა ამის გამო შედარებით შემცირდა, თუმცა, მაინც 2019 წელს ისეთი დიდი ზიანი ვერ მიაყენა, რადგან იმ დროს მოხდა ის, რომ საერთო ჯამში სხვა ქვეყნებიდან უფრო მეტი ადამიანი ჩამოვიდა.
„იმ დროისთის საქართველოს 9 მილიონი უცხოელი ვიზიტორი ეწვია, მათ შორის ტურისტები და ქვეყანამ დაახლოებით სამი მილიარდი დოლარის მოცულობის მოგება მიიღო, ამიტომაც ამ მიმართულებით დიდი ზიანი არ ყოფილა.
„მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებია გააქტიურებული და მათი წარმომადგენლების ვიზიტები ხორციელდება, რუსეთი ცდილობს, რომ თითქოს საქართველოსთან მიმართებაში კეთილი ნება გამოავლინოს. იგივე გახელაძის საქმესთან დაკავშირებით რაც მოხდა, რომ მერე გაავრცელა, რომ ეს თითქოს მისი ე.წ. კეთილი ნება იყო" - განაცხადა ჩიტაძემ.