ჩემი აზრით, არც პაპუაშვილია მოძალადე და არც თინა ბოკუჩავა იყო იქ ვინმეს საცემად მისული და არ დახმარებია არავის ბატონი პაპუაშვილი, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობა“ ბრალს სდებდა შალვა პაპუაშვილს თინა ბოკუჩავაზე ძალადობაში.
„დღეს ვესწრებოდი ბიუროს სხდომას, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბრალს სდებდა ბატონ პაპუაშვილს, ქალბატონ ბოკუჩავაზე ძალადობაში. ამასთან დაკავშირებით ბატონი პაპუაშვილის პასუხი იყო, რომ თინა ბოკუჩავა სხვა დეპუტატებს და მანდატურებს თავს ესხმოდა და ყველა დეპუტატის მორალური ვალდებულებაა, დაეხმაროს სხვას, თუ მას თავს ესხმიან. ჩემთვის ეს ორივე ვერსია სასაცილოა. უბრალოდ მგონია, რომ ამ თემაზე სერიოზულად არ ვსაუბრობთ. რაღაცნაირად არის გამოკიდება, ერთი მხრივ, გამოჭერა და მეორე მხრიდან სასაცილო თავდაცვა, რადგან, ჩემი აზრით, არც პაპუაშვილია მოძალადე და არც თინა ბოკუჩავა იყო იქ ვინმეს საცემად მისული და არ დახმარებია არავის ბატონი პაპუაშვილი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.