მედიაორგანიზაციები openDemocracy და OC Media საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია Frontera-ს შორის დავის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს აქვეყნებენ.
„Frontera-მ საქართველოსთან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო იმის მიუხედავად, რომ მილიონი დოლარი დახარჯა ლობირებაზე, რათა ზეწოლა მოეხდინა საქართველოს მთავრობაზე. ჰიუსტონში მდებარე Frontera Resources-ისა და საქართველოს სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დავის საკითხი მედიაში დომინირებდა 2020 წლის დასაწყისში. აშშ-ის პოლიტიკოსებმა სცადეს ჩარევა ამ კონფლიქტში იმ საბაბით, თითქოსდა საქართველო ამერიკული ბიზნესის „ექსპროპრიაციას“ ახორციელებდა. თავდაპირველად, Frontera-მ პირობა დადო, რომ დაეხმარებოდა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებაში. კომპანია აცხადებდა, რომ მან 3.8 ტრილიონი კუბური მეტრის გაზი აღმოაჩინა საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში. თუმცა, საბოლოოდ, Frontera-მ წარმოქმნილი დავა საერთაშორისო არბიტრაჟში წააგო. 2017-2020 წლებში აშშ-ის კონგრესმენთა და სენატორთა ნაწილი ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა საქართველოზე Frontera-ს არბიტრაჟის გამო. საქართველოსთვის აშშ-ის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ მისი ინტერესების დასაცავად, რომელიც მხარს უჭერს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ Frontera-მ, რომელიც ლონდონის ალტერნატიულ საინვესტიციო ბაზარზე 2019 წლამდე ვაჭრობდა, ყოფილი თანამშრომლები ანაზღაურების გარეშე დატოვა, ხოლო აქციონერები დღემდე ელოდებიან საკუთარი წილების ამონაგებს. Frontera-მ საქართველოში ყოფილ თანამშრომლებს 240 000 დოლარის ოდენობის ხელფასი არ გადაუხადა.
საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, Frontera-მ თავისი პოლიტიკური კავშირები გამოიყენა, კერძოდ, თავისი თავმჯდომარის, სტივ ნიკანდროსის მეშვეობით, რომელიც აქტიური პოლიტიკური დონორი იყო. 2017-დან 2020 წლამდე ნიკანდროსმა 182 950 დოლარი დახარჯა კონგრესმენებისა და სენატორების კამპანიებისთვის.
ამ ლობისტურმა კამპანიამ Frontera-ს ინტერესებისთვის საფრთხე წარმოაჩინა როგორც 2019-2020 წლებში საქართველოს უფრო ფართო დემოკრატიული კრიზისის მთავარი ნაწილი, და მოიცავდა კანონმდებლობის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ოფიციალურ პირებისთვის სანქციების დაწესებას აშშ-ის ბიზნესის საქმიანობაში სავარაუდო ჩარევის გამო. აღნიშნულის კოორდინაციისთვის Frontera-მ 850 000 დოლარი დახარჯა ლობირებისთვის, რისთვისაც ვაშინგტონში მდებარე საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმა, Cornerstone Government Affairs-ი გამოიყენა.
გარდა ამისა, 2014–2017 წლებში Frontera-მ 359 000 დოლარი შესწირა ატლანტიკურ საბჭოს, აშშ-ის ავტორიტეტულ სამეცნიერო ცენტრს, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ენერგეტიკის, პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
1997 წელს საქართველოსთან ხელმოწერილი ხელშეკრულებით, Frontera-ს აღმოსავლეთ საქართველოს XII ბლოკის საძიებო ლიცენზია 2017 წლის 14 ნოემბრამდე მოქმედებდა. Frontera-მ დაარღვია საწარმოო ხელშეკრულება, არ დააბრუნა საძიებო ტერიტორიები და ვერც დანაპირები რესურსები მოიპოვა. საერთაშორისო არბიტრაჟმა კი დაავალა დაებრუნებინა XII ბლოკის საძიებო ტერიტორიები და აენაზღაურებინა იურიდიული ხარჯები.
არბიტრაჟმა ასევე დაადგინა, რომ Frontera-მ ვერ უზრუნველყო საკმარისი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველო მუდმივად ხელს უშლიდა გაზის მოპოვებაში. არბიტრაჟმა ასევე დაადგინა, რომ Frontera-მ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ მის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა და რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ქმედებები „რბილი ექსპროპრიაცია“ იყო.