ამერიკელმა მილიარდერმა, Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა კოსმოსის საზღვრისკენ იმოგზაურა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რაკეტამ კაფსულით New Shepard სტარტი აშშ-ში, ტეხასის დასავლეთით, ქალაქ ვან-ჰორნის მახლობლად აიღო. ხომალდი 106 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა, რის შემდეგაც წინასწარ განსაზღვრულ ადგილას წარმატებით დაეშვა.
ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. 2000 წელს მან შექმნა კომპანია Blue Origin-ი და მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, რომ მთელი ცხოვრების ნატვრას აისრულებს კოსმოსში გაფრენით. მასთან ერთად, ხომალდზე იქნება მისი ძმა, მარკი, 82 წლის პილოტი მერი უოლეს (უოლი) ფანკი და 18 წლის სტუდენტი ოლივერ დაემენი.
ცოტა ხნის წინ კოსმოსში სხვა მილიარდერი, Virgin Galactic-ის დამფუძნებელი რიჩარდ ბრენსონი გაფრინდა. მისი ხომალდი 90 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.
ავიაციის საერთაშორისო ფედერაციაში მიიჩნევენ, რომ კოსმოსის ზღვარი ზღვის დონიდან 100 კილომეტრში მდებარეობს, თუმცა NASA-ში თვლიან, რომ ის დედამიწიდან 80 კილომეტრშია.