ალექსანდრე ლუკაშენკო: ბელარუსი ვალდებული არ არის ევროკავშირის ქვეყნები მიგრანტების ნაკადებისგან დაიცვას

ალექსანდრე ლუკაშენკო: ბელარუსი ვალდებული არ არის ევროკავშირის ქვეყნები მიგრანტების ნაკადებისგან დაიცვას

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი ვალდებული არ არის ევროკავშირის ქვეყნები მიგრანტების ნაკადებისგან დაიცვას.

„სანქციები დაგვიწესეს და ახლა გვსაყვედურობენ, რომ ლუკაშენკო არალეგალურ მიგრაციას ხელს უწყობს. გვგუდავენ და რას ფიქრობენ, რომ მათ დავიცავთ? ნუთუ ეს მიამიტობა არ არის?“ - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

5 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გმობს ბელარუსის ხელისუფლების ქმედებას, რომლითაც ის ლიეტუვაში არალეგალი მიგრანტების გადასვლას ხელს უწყობს.

9 ივლისს მიგრანტების ნაკადების შეკავების მიზნით, ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ ბარიერის მშენებლობა დაიწყო.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ ლუკაშენკო ცდილობს მიგრაციის საკითხი იარაღად გამოიყენოს, რათა სანქციების საკითხზე ლიეტუვის მტკიცე განწყობა შეასუსტოს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს 822 არალეგალი მიგრანტი შეეცადა ბელარუსიდან ლიეტუვაში შესვლას, რაც ათჯერ უფრო მეტია, ვიდრე 2020 წელს.