ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქვს პრინციპული პოლიტიკური დატვირთვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მივიღოთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა საზოგადოებისგან

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქვს პრინციპული პოლიტიკური დატვირთვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მივიღოთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა საზოგადოებისგან

თითოეული პოლიტიკური პარტიისა და მოქალაქის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემო. „ქართული ოცნება“ ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქვს პრინციპული პოლიტიკური დატვირთვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მივიღოთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა საზოგადოებისგან, მივიღოთ ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა ამ არჩევნებშიც. დარწმუნებული ვართ, 2 ოქტომბერს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ეტყვის უარს პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომელთა საქმიანობას წითელ ხაზად გასდევს დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის უგულებელყოფა, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დათმობა, სიცრუე და ღალატი. გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიმართლე - სიცრუეზე; ღირსება - უპრინციპობაზე; ერთგულება - ღალატზე; ჰუმანურობა და პატრიოტიზმი - ადამიანის, სამშობლოსა და ეკლესიის სიძულვილზე; სინათლე - სიბნელეზე; დასავლეთი - ჩრდილოეთზე. ეს გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის და მისი დემოკრატიული სისტემის შეუფერხებელი და სტაბილური განვითარება. მხოლოდ ამ პირობით არის შესაძლებელი, ავისრულოთ თითოეული ჩვენგანის ქართული ოცნება - საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი, დავიბრუნოთ ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები, მივაღწიოთ საყოველთაო ეროვნულ ერთიანობასა და კეთილდღეობას. სიმართლით და ხალხის მხარდაჭერით, ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წინსვლისთვის!“ - განაცხადა კობახიძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.