„ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად ჩამოყალიბდა მარგინალიზირებულ პარტიად, საერთოდ გაუგებარია რისთვის შემოვიდა პარლამენტში, თუკი შარლ მიშელის დოკუმენტს ხელ არ მოაწერდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„პარლამენტში შემოსვლიდან ერთი თვის შემდეგ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, იმისთვის რომ ეს დესტრუქცია უკვე პარლამენტში შემოიტანოს, გამოაცხადა ერთგვარი ბოიკოტის რეჟიმი. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ მათ მიერ განხორციელებული ქმედებები, რას აკეთებდნენ ისინი საპარლამენტო დარბაზში იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე, შინაგან საქმეთა მინისტრს არ წარედგინა კონკრეტული ინფორმაცია და კონკრეტული არგუმენტაცია. შესაბამისად შარლ მიშელის მხრიდან გუშინდელი განცხადება, ძალიან მკაცრი იყო თავისი ტონალობიდან გამომდინარე. იქიდან გამომდინარე, რომ ესაა ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირი და პარტია, რომელიც საზოგადოებას, თავის ამომრჩეველს უმტკიცებს, რომ ისაა ევროპული ღირებულებების მიმდევარი და ხელს არ აწერს 19 აპრილის შეთანხმებას, რომლიდანაც 3 თვეზე მეტი დროა გასული და რომელსაც არანაირი საფუძველი და არგუმენტი არ აქვს, რა თქმა უნდა საზოგადოებას არწმუნებს იმაში, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტი დესტრუქციაზე და რადიკალიზმზეა ორიენტირებული, იმიტომ რომ მათ სხვა არაფერი დარჩენიათ. დღითიდღე მათი მხარდამჭერების რაოდენობა კლებულობს. რეალურად ისინი ამას ხვდებიან, რომ ადრე თუ გვიან მაინც მოუწევთ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა. რეალურად მათ მოუწევთ ამ დოკუმენტზე პასუხისმგებლობის აღება, რომელიც პირველ რიგში ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია“, - განაცხადა მიქანაძემ.
19 ივლისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა: „მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეთანხმებაზე ხელი არ აქვს მოწერილი, მოაწეროს ხელი მას“.