სხვადასხვა პერიოდში ჟურნალისტებსა და, ზოგადად, მედიას გამუდმებით სდევნიდნენ ხელისუფალნი, მაგრამ საზოგადოების მხრიდან მედიის მიმართ ასეთი უარყოფითი განწყობა არასდროს ყოფილა.
„დაიმსახურეთ ის, რაც მოხდა“, - სწორედ ასეთი შეფასებები გახშირდა ბოლო დროს. საზოგადოების ნაწილის აზრით, კონკრეტული მედიასაშუალებების და კონკრეტული წამყვანების კისერზეა, რომ რომელიღაც ჟურნალისტს ხელი მოხვდა.
როდის დაშორდა მედია ხალხს?
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომელ მედიაზეა საუბარი, როცა საქართველოში კონკრეტული ოთხი ტელევიზიიდან არც ერთი მედიაპროექტი არ არის, არც ერთი მათგანი თავისით არ არსებობს. ისმის კითხვა, საიდან ფინანსდებიან ან რატომ ფინანსდებიან, რა პოლიტიკური ინტერესით ფინანსდებიან? იმ ინტერესით ხომ არა, რომ დანერგონ ლგბტ იდეოლოგია, ებრძოლონ სახელმწიფო ინსტიტუტებს, სტაბილურობის წინააღმდეგ იბრძოლონ, ტრადიციებს ებრძოლონ, ამისთვის ხომ არ იღებენ ისინი ფულს?
სოსო მანჯავიძის განმარტებით, ასეთი მედიასაშუალებები არა მარტო ჩვენთან, უცხოეთშიც არაპოპულარულია. შეერთებულ შტატებში გამოკითხვა ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ ამერიკელთა უმეტესობა, 58% ასეთ მედიასაშუალებებს ხალხის მტრებად მიიჩნევს, ნეგატიურად კი ვინც არის განწყობილი, ეს კიდევ ცალკე კონტინგენტია. საუბარია მედიების მთელ კონგლომერატზე, „სიენენი“-ს თამადობით.
„ზუსტად იგივე სიტუაციაა საქართველოში. გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, ცალკეულ მედიასაშუალებებს საქართველოს მტრებად მიიჩნევს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა. ეს ტელევიზიები აგრესიულები, გამწარებულები და გაბოროტებულები არიან იმ განწყობის გამო, რაც საზოგადოებაშია მათ მიმართ. ბოროტებაში გაჯიქებულები კიდევ უფრო უარესებს ჩადიან. ისინი არიან მდგომარეობაში, რომელსაც ქრისტიანულ მისტიკაში მოუბრუნებელი ეწოდება, ანუ პირდაპირ ეშმაკის სამსახურში არიან. იმდენი ცოდვები ჩაადენინეს მათ, სიცრუის ტირაჟირების ჩათვლით, რომ სხვანაირად არც შეუძლიათ. 5 ივლისს იქ ვიყავი, ერთ ადამიანს რაც შემეძლო, ვცდილობდი, კონფლიქტი არ მომხდარიყო. გაერიდე-მეთქი, ვეუბნებოდი ჟურნალისტს, რომელიც იმ პირობებშიც კი, როდესაც მიმდინარეობდა დაპირისპირება, ღია ეთერში გადასცემდა რეპორტაჟს და „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს ლანძღავდა, ბნელ პუტინისტებს უწოდებდა. ლგბტ თემის მოწინააღმდეგენი იმიტომ მივიდნენ რუსთაველზე, რომ აღელვებულები იყვნენ, ამ დროს კი ცალკეული მედიის წარმომადგენლებმა მართლმადიდებლების გრძნობებზე ითამაშეს, გამოიწვიეს ეს ადამიანები და შემდეგ ისინი მოძალადეებად გამოაცხადეს. ეს არის მათი ცნობილი ტრიუკი, როგორც კაპიტოლიუმში გააკეთეს, გაუხსნეს კარები, შევიდა ხალხი და მერე ადამიანი მოკლეს. დავუშვათ, ადამიანს ქუჩაში მეორე ადამიანმა შეაფურთხა, ასეთ დროს რა არის ადამიანის რეაქცია, ხომ არ ჰკითხავს, რატომ შემაფურთხეო? პირდაპირ დაარტყამს, ამ დროს გადაუღებს კამერა და მოძალადედ გამოაცხადებს დაზარალებულს“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ადასტურებს, რომ მედია პოლარიზებულია და ეს სიახლე არ არის. ანალიტიკოსის თქმით, გეოპოლიტიკურ და სამხედრო პოლიტიკურ თემებზე პირადად მას ერთი სიტყვა მაინც ეთქმის, ამის მიუხედავად, მისი ტელეაქტიობა ბოლო თვეების მანძილზე თითქმის ნულზეა დასული და ეს ნიშნავს, შენ თუ არ ხარ ოპოზიციური ტელევიზიების მუსიკაზე მორგებული, მათთვის რესპონდენტად მიუღებელი ხარ.
„ცდილობენ გააჩუმონ ყველა, ვინც მათ ჭკუაზე არ ლაპარაკობს. რაც შეეხება პარტიულ ტელევიზიებს, ისინი უკვე გაფორმდნენ საბოლოოდ. ჟურნალისტების ადგილი არ არის ბარიკადებზე. რაც მოხდა ჟურნალისტების წინააღმდეგ, ყოვლად მიუღებელია, მე ამაზე გამაკრიტიკეს ფეისბუკმეგობრებმა, როცა დავწერე, თუ არ მოგწონს რომელიმე არხი, გადართე სხვა არხზე, თუ არ მოგწონს არც ერთი არხი, ან გამორთე ტელევიზორი, ან გასართობი არხები ჩართე. თუ რამ გამოიწვია ჟურნალისტებთან დაპირისპირება, მედიამაც იფიქროს ამაზე. ჩვენ ხომ ვნახეთ უამრავი კომენტარი სოციალურ ქსელში, მედიამ დაიმსახურაო. ამას კატეგორიულად არ ვიზიარებ, ძალადობა არ არის შენი განწყობების გამოხატვის მეთოდი, ძალადობა არ შეიძლება, ენა იმიტომ მოგცა ღმერთმა, ენით უნდა ილაპარაკო, ენის და მუშტების სამართავად ადამიანს გონება და ტვინი აქვს. ჩვენ გავედით ამ სივრციდან, რატომ მოხდა ეს და რატომ იყო ეს მუხტი დაგროვილი, მედიაც დაფიქრდეს ამაზე. ჩვენ ხომ ვხედავთ ამ კრიტიკას, როცა კომენტარებს იღებენ 10-15 ტელევიზიის ჟურნალისტები ერთად, რა დღეში არიან, ეს არ მოსწონს საზოგადოებას. ეს არის საინფორმაციო ტერორი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, საინფორმაციო გამოშვებები კრიმინალურ ქრონიკად აქციეს, მელოდიებიც კი გათვლილია დასათრგუნად. ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით გამოვხატავ სამძიმარს, მაგრამ ისეთი განცდა იქმნება, რომ ამ უბედურების გარეშე თითქოს დასაფიქრებელი და გამოსაფხიზლებელი არ უნდა ყოფილიყო. ცემის უფლება არავის აქვს, ეს ისჯება კანონით, მით უმეტეს, როცა ჯგუფურად ურტყამ ადამიანს. რომელ ვაჟკაცობაზეა ლაპარაკი, როცა გოგონებს ურტყამენ. რას ნიშნავს, ერთი მხრივ, ტრადიციებს იცავ, მეორე მხრივ, ქალს ურტყამ ჯგუფურად?! ეს არ არის ქართული საქციელი, მაგრამ ზედმეტად აქცენტის გაკეთება გარდაცვლილზე სწორად არ მიმაჩნია“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე ჩვენთან საუბრისას.
ამასთან, იხსენებს, რომ ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მსხვერპლშეწირვა დაასახელა, რაც ამორალურია. მისივე აზრით, საჭიროა, დაელოდონ გამოძიებას და, რომც არ გარდაცვლილიყო ეს ადამიანი, ფაქტია, რომ ის სასიკვდილოდ სცემეს. თუნდაც სხვა მიზეზით დამდგარიყო გარდაცვალება, მაინც უნდა გვესაუბრა იმაზე, რა დონეზეც სცემეს ამ ადამიანს.
„ამიტომ მსხვერპლშეწირვაზე კი არ უნდა ისაუბრონ, რაზეც გუბაზ სანიკიძე წინმსწრებად ლაპარაკობდა 1-2 დღით ადრე, არამედ ძალადობაზე უნდა ისაუბრონ. უნდა დაველოდოთ ექსპერტიზას, 2-3 თვე, 5 თვე, მეტი ხომ არ დააგვიანდება?“, -აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.