რეგულაციები, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ვირუსის შესაკავებლად საკამრისია, თუ მას მოქალაქეები დაიცავენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, იმნაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, წესებს არ იცავს. „სიტუაცია საკმაოდ დაძაბული გვაქვს. ერთადერთი, ახლა დარჩა, რა რეგულაციებიც არსებობს, ის დავიცვათ. მოგეხსენებათ, ცოტა გამკაცრდა რეგულაციები ბავშვთა ბანაკებთან დაკავშირებით, ასევე კონფერენციების, ტრენინგების, სემინარების ჩატარებასთან დაკავშირებით. გზა ერთია – ვაქცინა არის, უნდა ავიცრათ, სხვანაირად კორონა არ გაჩერდება, უფრო სწორად, კორონასგან სიკვდილიანობა. ეს რეგულაციები ვირუსის შესაკავებლად სრულიად საკმარისია, მთავარია, ის, რა რეგულაციაც არსებობს, დავიცვათ. არიან ადამიანები, რომლებიც სხვის შეცდომებზე სწავლობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლით.
იღუპებიან ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები, რა გითხრათ, აღარ ვიცი, მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები. კონკრეტული მაგალითებიც მაქვს, სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ. ქელეხის შემდეგ მსხვერპლი შესწირეს გარდაცვლილს და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. ახლახანს მოხდა ერთ-ერთ რაიონში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 390 945 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 367 130, გარდაიცვალა 5 592 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.