დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინის მთავარი დანიშნულებაა ადამიანი რეანიმაციაში არ მოხვდეს და არ დაიღუპოს.
„ესაა ყველა ვაქცინის დაცვა და ეს ფუნქცია ყველა ვაქცინას თანაბრად აქვს. არის პატარა განსხვავება სიმპტომურ მიმდინარეობაში, სადაც უფრო ეფექტურად მუშაობს ზოგიერთი ვაქცინა. არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები და სიძეები, რომლებიც „სინოფარმით “ აიცრნენ“, - აღნიშნა იმნაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. „1,5 მილიონი ვაქცინა დღესაც გვიდევს. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი მდებარეობს ჰუალინგში. სამედიცინო დაწესებულებებში ცარიელია ის ადგილები, რომელიც გამოყოფილია ვაქცინაციისთვის. ესაა ჩვენი უბედურება...ვამბობდით არ არის ვაქცინა, არ არის ვაქცინა... ახლა ვაქცინა ხომ ბევრია. დღეს 12 ათასი ადამიანი აიცრება, ეს ძალიან კარგია. მაგრამ ჯავშნებს რომ ვუყურებ, ხვალ ნახევარია დაჯავშნილი“, - განაცხადა იმნაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 390 945 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 367 130, გარდაიცვალა 5 592 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.