როგორც ჩანს, მეთ დეიმონიც იმ ვარსკვლავებს შორისაა, რომელთა შვილებიც მშობლების ნახელავსა და შემოქმედებას დიდად არ სწყალობენ.
ოსკაროსანმა მსახიობმა, რომელმაც ამერიკული კინოაკადემიის აღიარება ფილმისთვის Good Will Hunting დაიმსახურა, CBS Sunday Morning-თან ინტერვიუში აღიარა, რომ თავის 15 წლის შვილს არაფრის დიდებით არ სურს ამ კინოსურათის ნახვა.
"საერთოდ არ უნდა არცერთი იმ ფილმის ნახვა, რომელშიც მე ვმონაწილეობ", — ამბობს დეიმონი, — "ერთხელ მითხრა, 'გახსოვს ის ფილმი, რომელშიც შენ ხარ — კედელი?', მე შევუსწორე, 'მას დიდებული კედელი ერქვა-მეთქი'. შემდეგ კი განაგრძო: "მა, მაგ ფილმში დიდებული ნამდვილად არაფერი იყო'. მოკლედ, ოცნებებში გაფრენის საშუალებას არ მაძლევს".
სიმართლე ითქვას, 2016 წელს გამოშვებული ეს ფილმი მხოლოდ დეიმონის შვილებს კი არა, კრიტიკოსებსაც კი არ მოსწონებიათ დიდად. თუმცა, მსახიობმა დასძინა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, თავისი შვილები მაინც პატივს სცემენ მამის სიყვარულს საკუთარი პროფესიისადმი.
"მიხარია, რომ მათ იციან ამ საქმისადმი ჩემი სიყვარულის შესახებ", — აღნიშნავს დეიმონი, — "იციან, რომ დიდ დროსა და შრომას მოითხოვს, ეს კი ჩემთვის სრულიად საკმარისია".
დეიმონმა ასევე აღნიშნა, რომ შვილების ყოლა თავის კარიერაში გარდამტეხ მომენტად იქცა.
"მას შემდეგ, რაც შვილები მეყოლა, ჩემი საქმე უფრო ადვილად შესასრულებელი გახდა, რადგან განსაკუთრებული ძალისხმევის გაღება არ მჭირდება. არ მჭირდება, რომ რომელიმე ემოციის განცდას ვეცადო, იქნება ეს სიხარული თუ ტკივილი, რადგან, როცა შვილები გყავს, ეს ყველაფერი შენთან ძალიან ახლოსაა".
ცოტა ხნის წინ დეიმონის ყოფილმა კინოპარტნიორმა, გვინეტ პელტროუმ, ასევე განაცხადა, რომ თავის შვილებს დიდად არ ადარდებთ ფილმებში მისი ნახვა და ურჩევნიათ, რეალურ სივრცეში უყურონ.
"ჩემს შვილებს ფილმში არასდროს ვუნახივარ", — განაცხადა მაშინ პელტროუმ თავისი და Coldplay-ის სოლისტის, კრის მარტინის საერთო შვილებზე საუბრისას, — "მგონი, ერთ-ერთს Iron Man-ის მსგავსი რაღაცები აინტერესებდა, მაგრამ, მეეჭვება, მეორეს საერთოდ ვყავდე ფილმში ნანახი".