სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა კანის ფესტივალი და კარზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კინომოვლენა მოგვადგა: ვენეციის ფესტივალი.
ალბათ, ბევრი სინეფილის დაინტერესება ამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი კინოფესტივალის წლევანდელი გამოშვების მიმართ ერთიორად გაიზრდება, თუ გეტყვით, რომ ბიენალეს პედრო ალმოდოვარი ახალი ფილმი გახსნის.
პირველ სექტემბერს შედგება პრემიერა ფილმისა Madres paralelas (ერთნაირი დედები), რომელშიც მთავარ როლს ალმოდოვარის დიდი ხნის მუზა, პენელოპე კრუზი ასრულებს. მასთან ერთად ფილმში თამაშობს ამ ესპანელი ხელოვანის შემოქმედებიდან ცნობილი კიდევ ერთი მსახიობი — როსი დე პალმა.
"როგორც რეჟისორი, 1983 წელს ვენეციაში დავიბადე. 38 წლის შემდეგ შემომთავაზეს, რომ ფესტივალი თავად გავხსნა. ვერ აღვწერ ამის გამო მონიჭებულ სიხარულსა და პატივს და ვერც იმას გადმოვცემ, რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის ზედმეტი თვითკმაყოფილების გარეშე. ამისთვის ფესტივალის ორგანიზატორების უზომოდ მადლიერი ვარ", — განაცხადა ალმოდოვარმა.
ვენეციის ფესტივალის მიერ გავრცელებულ ამ ახალი ფილმის სინოპსისში ვკითხულობთ, რომ მისი სიუჟეტი ორი ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთს პალატაში გაიცნობენ, სანამ მშობიარობას ელოდებიან. ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, თუმცა ერთად გატარებულ რამდენიმე საათში უზომოდ დაახლოვდებიან და მათი ცხოვრებაც ერთმანეთს დაუკავშირდება.
Madres paralelas (ერთნაირი დედები) პედრო ალმოდოვარის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება 2019 წელს გამოსული Pain and Glory-ის (ტკივილი და დიდება) შემდეგ, რომელმაც კანის ფესტივალზე საუკეთესო მსახიობი კაცის ჯილდო, ოსკარებზე კი საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ნომინაცია დაიმსახურა.
ასევე შეგახსენებთ, რომ შარშან პედრო ალმოდოვარმა პირველი ინგლისურენოვანი, თუმცა მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო ტილდა სუინტონის მონაწილეობით.
მართალია, ვენეციის კინოფესტივალის სტუმრებს პირველ სექტემბერს შეეძლებათ ალმოდოვარის ახალი ნამუშევრის შეფასება, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის გამოვა ფილმი კინოთეატრებში, თუმცა, წესით, წლის ბოლომდე შევძლებთ მის ნახვას.