კონსტანტინე გამსახურდია „ახალ სამსახურს“ შეითავსებს

კონსტანტინე გამსახურდია „ახალ სამსახურს“ შეითავსებს

პრესაგე.ტვ-ის ინფრმაციით, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისიას საგამოძიებო სტატუსს აღარ მიანიჭებენ. შვილი გამსახურდია  - ანტიკრიზისული საბჭოს წევრობას ითხოვს.

რამდენიმე კვირის წინათ, ანტიკრიზისულმა საბჭომ კონსტანტინე გამსახურდიას დროებით საპარლამენტო კომისიას მოუსმინა. ამ შეხვედრაზე შვილმა გამსახურდიამ განაცხადა, რომ ორ თვეში კომისია დადებს დასკვნას, სადაც ცალსახად იქნება დადასტურებული, ზვიად გამსახურდია მოკლეს. თუმცა მისივე თქმით, კომისიას მუშაობა უჭირს, რადგან შესაბამისი სტატუსი არ აქვს.

მოკლედ, შეგახსენებთ, რომ დროებით კომისიას არ აქვს უფლება ჩაატაროს მაგალითად ექსპრეზიდენტის ცხედრის ხელახალი ექსპერტიზა ჩაატაროს, დაავალდებულოს მოწმეები, მივიდნენ კომისიაში და მისცენ ჩვენება, ანდა ამ საქმის მთავარი მოწმის, ემიგრაციაში მყოფი  ბესარიონ გუგუშვილის „დაკითხვის“ გზები ეძიოს. მით უმეტეს, რომ გუგუშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მას შეუძლია, ოფიციალურ საგამოძიებო ორგანოსაც უთხრას უარი ჩვენების მიცემაზე.

ერთი სიტყვით, დროებით კომისიას ექსპრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზების კვლევის პროცესში სერიოზულად აქვს „ხელები შეკრული“  თავისივე „დროებითი“ სტატუსის გამო. თუმცა, ამ კომისიას (შექმნის დღიდან) ისედაც უამრავჯერ გაუგრძელა მუშაობის ვადა საქართველოს პარლამენტმა.

ბოლოსდაბოლოს,  რისი გაკეთებაც შეეძლოთ, რომ გააკეთეს, დღის წესრიგში დადგა ორი საკითხი: ან ამ კომისიისთვის საგამოძიებო სტატუსი უნდა მიენიჭებინათ და ბიუჯეტის თანხების უაზროდ ხარჯვა ეგრძელებინათ პარლამენტში, ანდა ყველა ერთად უნდა მიმხვდარიყო, რომ კომისიის საქმიანობა უკვე იმ ეტაპზეა, როცა შეგროვილი მასალები მთავარ პროკურატურას უნდა გადაეცეს... 

მაშინ პრესაგე-მ ამ თემაზე მწვავე სტატია გამოაქვეყნა, სადაც ერთ კითხვას ვსვამდით: თუ კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ საქართველო შეიცვალა და ეს საქართველო არ დაუშვებს საქმე ბოლომდე არ იქნას  მიყვანილი, მაშინ რატომ არ ენდობა ის „შეცვლილი“ საქართველოს პროკურატურას და რატომ არ ანდობს ამ საქმის ბედს პროფესიონალებს?

ჩვენი ინფორმაციით, სამთავრობო კულუარებში ამ წერილს დიდი „შიდა გარჩევები“ მოჰყვა. შედეგად, პრესაგე.ტვ-თვის ცნობილი გახდა,რომ კომისიას საგამოძიებო სტატუსს აღარ მიანიჭებენ, მასალები მთავარ პროკურატურას გადაეცემა და განახლდება ძველი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ექსპრეზიდენტის გარდაცვალების ფაქტზე აღიძრა და თვითმკვლელობის ვერსიას ეთანხმება.

თუმცა, ამავე ინფორმაციით, შეფერხდა თავად კომისიის მუშაობაც, რადგან გარდაიცვალა ამ საქმიანობის წარმმართველი,  უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი მიხეილ ოსაძე. სხვათაშორის, როგორც ამ კომისიაშივე აცხადებდნენ, სწორედ ოსაძის დამსახურება იყო, რომ ექსპრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ ახალი მასალების მოპოვება შესძლო. მისი წყაროების დახმარებით დაიკითხნენ იგორ გიორგაძე და თენგიზ კიტოვანიც.

ოსაძეს მიუძღოდა „ლომის წილი“ იმაში, რომ მოსკოველი კოლეგების დახმარებით როსტოვიდან ექსპრეზიდენტის ცხედრისთვის ჩატარებული ერთადერთი ექსპერტიზის დასკვნა ჩამოვიდა საქართველოში. აქვე შეგახსენებთ, რომ  ექსპერტიზის ეს დასკვნა ჰქონდა მანანა არჩვაძე-გამსახურდიასაც, მაგრამ ის საპარლამენტო კომისიასთან არ თანამშრომლობდა.

 შესაბამისად, ოსაძის გარდაცვალების ფაქტმა  გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ კომისიას საგამოძიებო სტატუსს აღარ მიანიჭებენ, თორემ - ანტიკრიზისულ საბჭოს დახურულ სხდომაზე შვილი გამსახურდიაც და კომისიის წევრებიც სწორედ ამ სტატუსს ითხოვდნენ და სხვათაშორის, საბჭოს წევრებიც ეთანხმებოდნენ მათ. 

თავად კონსტანტინე გამსახურდიამ კი - ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარის, გია თორთლაძის სახელზე უკვე დაწერა ოფიციალური წერილი, სადაც ის საბჭოში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამს. თორთლაძემ  ეს წერილი პრეზიდენტ სააკაშვილს უკვე გადაუგზავნა, რადგან ანტიკრიზისული საბჭო სწორედ პრეზიდენტმა შექმნა და  მისი თანხმობის გარეშე გამსახურდია საბჭოს წევრი ვერ გახდება.