ქართული ოპოზიცია ყოველ დღე სულ უფრო მეტად ავლენს თავის დესტრუქციულ ხასიათს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„დღეს ქართველი ოპოზიციონერები დატუქსულები გამოიძურწნენ შარლ მიშელის შეხვედრიდან. მიშელმა მკაფიოდ მოითხოვა ყველამ მოაწეროს ხელი და შეასრულოს ხელმოწერილი დოკუმენტი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შარლ მიშელს დღეს საქართველოს პრეზიდენტთან, ოპოზიციონერებთან და პრემიერთანჰქონდა შეხვედრები.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 18 ივლისს ეწვია. დღეს ის ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.
გარდა ოპოზიციისა, საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისა, ის ბათუმში მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება.
ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციის პანელის წევრები ფიზიკურად დაესწრებიან, ხოლო აუდიტორია ვირტუალურად შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობას. კონფერენციის მონაწილეთა სია იხილეთ ამ ბმულზე.