გამოცემა Politico ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატებს ასახელებს

გამოცემა Politico ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატებს ასახელებს

ამერიკული გამოცემა Politico ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატებს ასახელებს.

ალიანსის მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს მანდატი 2022 წელს ეწურება. ის ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს.

ნატოს შტაბ-ბინაში ოფიციალური დისკუსიები ახლახან დაიწყო და იენს სტოლტენბერგის მემკვიდრე ნატოს ლიდერების სამიტზე მადრიდში, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში იქნება წარდგენილი.

როგორც გამოცემა Politico აღნიშნავს, ზოგიერთი მაღალჩინოსანი, დიპლომატი და ანალიტიკოსი ამბობს, რომ 72 წლის შემდეგ, დროა ალიანსმა პირველი ქალი გენერალური მდივანი დანიშნოს. სხვები ამბობენ, რომ რუსეთთან დაპირისპირების ფონზე, აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლის არჩევა მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება მოსკოვისთვის.

გამოცემა Politico-ს განცხადებით, ხორვატიისა და ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტები, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და დალია გრიბაუსკაიტე და ესტონეთის მოქმედი პრეზიდენტი, კერსტი კალულაიდი, შესაძლოა, ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კანდიდატებად განიხილონ.

თუმცა, ნატოს საკითხებში ზოგიერთმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის წარმომადგენლის გენერალური მდივნის თანამდებობაზე არჩევა მოსკოვის მიმართ ძალიან მტრულ ნაბიჯად შეიძლება იყოს განხილული იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების დალაგებას ცდილობს.