5 ივლისის წინა დღეს დაიგეგმა ღონისძიება და მისი არსი იყო ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები უნდა ყოფილიყო იმ კონკრეტულ ლოკაციაზე გადასროლილი, საიდანაც დაიწყებოდა „ღირსების მარში“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე დარახველიძემ განუცხადა.
„რუსთაველის გამზირზე, სადაც 5 ივლისს დემონსტრანტები იყვნენ შეკრებილი, გვყავდა იმ რაოდენობის საპოლიციო ძალები, რაც მსგავსი ტიპის აქციის მართვისთვის მობილიზდება. თუმცა ეს ჯგუფი მოულოდნელად გახდა აგრესიული, დაიწყეს კარვების დაშლა და ჟურნალისტებზე თავდასხმები. მოვლენების ასეთ განვითარებას ნამდვილად არავინ ელოდა“, - აღნიშნა დარახველიძემ.
მისი თქმით, წარსული მაგალითების მიხედვით, საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმის სტატისტიკა ძალიან მცირეა. „რამდენიმე ერთეული შემთხვევა ყოფილა წელიწადში. დამუშავებული მონაცემებით 2016-2021 წლებში ჯამში ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის 42 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ციფრი ადასტურებს იმას, რომ განწყობები და მოლოდინები იმისა, რომ ჟურნალისტებზე მასობრივად მოხდებოდა თავდასხმა, არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებზე მოხდა თავდასხმა, ბუნებრივია მოხდა გეგმის გადაწყობა, ხდებოდა დარეზერვებული ჯგუფებიდან კონკრეტული მასის გამოყოფა, რომ ეს ძალადობა აღგვეკვეთა. რა თქმა უნდა ეს ვერ იქნებოდა სწრაფი და ეფექტური იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პროაქტიულად გვიწევდა რეაგირება მომხდარ ფაქტებზე და მთელი ქალაქის მასშტაბით დაახლოებით 20 ლოკაციაზე გადავისროლეთ ჯამში პოლიციელების ის რაოდენობა, რაც იმ დღეს გვყავდა გამოყვანილი“, - აღნიშნა დარახველიძემ.