გაერო: მიანმარში დაპირისპირებას უკვე 72 ბავშვი ემსხვერპლა

გაერო: მიანმარში დაპირისპირებას უკვე 72 ბავშვი ემსხვერპლა

72 დაღუპული და 1 000-მდე დაკავებული ბავშვი ქვეყნის მასშტაბით, - ასეთია 1-ლი თებერვლიდან დღემდე, მიანმარში, მწვავე დაპირისპირების შედეგები, რომელსაც გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი ავრცელებს.

„ბავშვები ყოველდღიურად განიცდიან ძალადობას, დგანან უმისამართო სროლებისა და თვითნებური დაკავებების პირისპირ“, - ამბობენ გაეროს ექსპერტები.

ბოლო 5 თვის განმავლობაში მოკლულ ბავშვებს შორისაა 6 წლის გოგოც, რომელსაც პოლიციელმა მუცელში ესროლა.

გაეროს ბავშვთა ეფლებების კომიტეტი 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შედგება. კომიტეტის ფუნქციაა, მონიტორინგი გაუწიოს ბავშვთა უფლებების კონვენციის შესრულებას, რომელსაც მიანმარმა ხელი 1991 წელს მოაწერა.

1-ელ თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მიანმარში საპროტესტო აქციები დაიწყო. სამთავრობო ძალები დემონსტრაციებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით არბევენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა გადატრიალების ლიდერებს სანქციები დაუწესეს.