ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს: ძალადობის ყველა ფაქტს, რომელიც თქვენ მიმართ, თქვენ წინააღმდეგ ჩაიდინეს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას სათანადოდ დავსჯით

ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს: ძალადობის ყველა ფაქტს, რომელიც თქვენ მიმართ, თქვენ წინააღმდეგ ჩაიდინეს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას სათანადოდ დავსჯით

ძალადობის ყველა ფაქტს, რომელიც თქვენ მიმართ, თქვენ წინააღმდეგ ჩაიდინეს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას სათანადოდ დავსჯით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა 5-6 ივლისის მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ორი დღის განმავლობაში პოლიციამ 120 ადამიანი დააკავა.

„ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ. მინდა, გავაერთიანო და გამოვკვეთო 5-6 ივლისის მოვლენები. პოლიციამ მაღალ დონეზე იმუშავა. ამ ორი დღის განმავლობაში, ჩვენ დავაკავეთ 120 ადამიანი. 6 ივლისს 100 ადამიანი იყო დაკავებული და ძალადობის ფაქტებზე - 22 ადამიანის. ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც იყო ჩადენილი თქვენს მიმართ, თქვენს წინააღმდეგ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 16 ივლისის მონაცემებით, ბრალი 24 პირს წარედგინა. საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.