არავითარი ბუნდოვანება 19 აპრილის შეთანხმების ტექსტში არ არსებობს, ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ ის დოკუმენტში ძალიან მკაფიოდ წერია. სიტყვა-სიტყვით რაც წერია, ჩვენ იმას მივყვებით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
„თუკი ვინმე კეთილსინდისიერად უდგება ამ ტექსტს, მაშინ ძალიან მარტივად განმარტავს - ჩვენ უნდა დაგვეპაუზებინა ეს პროცესი, დაპაუზების მერე უნდა მიგვეღო კანონი, კანონის მერე უნდა გამოცხადებულიყო ახალი საბუთების მიღება და ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო ეს პროცესი. რაც შეეხება სასამართლო რეფორმასთან კავშირს, მასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო: რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურას, ეს არის სპეციფიური რეგულაციების ერთობლიობა, რომელიც კონკრეტულად ამას ეხება და რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს სრულად დადებითი შეფასება ვენეციის კომისიის მხრიდან. არავითარი დამატებითი რეფორმირება არ სჭირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასა და არჩევას. ვერცერთი სხვა რეგულაცია ამ პოტენციური სასამართლო რეფორმიდან ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე.
მინდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე გავამახვილო ყურადღება, ჩვენ რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიგვეღო ამ კონკურსის შეჩერებასთან დაკავშირებით და კანდიდატების არგანხილვასთან დაკავშირებით, ეს ძალიან მარტივად შეიძლება გაესაჩივრებინა ნებისმიერ კანდიდატს და ის დავას მოიგებდა 99%-იანი ალბათობით. ჩვენ ვერ დავარღვევდით კონსტიტუციას და კანონს, ჩვენ შევასრულეთ როგორც კონსტიტუციის მოთხოვნები, ასევე კანონის მოთხოვნები და ასევე მიშელის დოკუმენტი და როდესაც ხარ მართალი, ბუნებრივია სიმართლე უნდა დაიცვა სიყალბის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.