ეს არის საჩვენებელი მოქმედება შსს- ის და გომელაურის მხრიდან, რომ რაიმე მაინც თქვან - დამერწმუნეთ, რაც მოსაძებნია, მათივე მიტანილია იმ ოფისებში - გომელაურის და „ქართული ოცნების", - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან „პრაიდის" მოწინააღმდეგეთა სახლებსა და ოფისებში მიმდინარე ჩხრეკას.
ვაშაძის თქმით, ის რაც 5-6 ივლისს მოხდა, იყო კარგად დაგეგმილი და ხელისუფლების ხელშეწყობით განხორციელებული.
„მათი განხორციელებულია ყველაფერი. გამაგებინონ რას ეძებენ, ძალიან კარგად იციან რა არის იმ ოფისებში, საიდან ფინანსდებიან ისინი, ეს მედიასაშუალებები და ადამიანები თავისი აგრესიული ძალმომრეობითი რიტორიკით. თანამონაწილეები არიან ამ ყველაფრის.
ვახტანგ გომელაურმა ვერ დაიცვა ლექსოს სიცოცხლე, ვერ დაგიცვათ თქვენ და ვერ დაიცვა ვერც ერთი მოქალაქე, რომელიც დაზიანდა 5-6 ივლისს, ამიტომ მასთან კითხვები გვაქვს ძალიან ბევრი. რატომ ხდება ისე, რომ როცა მათ პოლიტიკურ ინტერესს სჭირდება, ზღვარგადასული რაოდენობა გვაქვს პოლიციელების და როცა არ სჭირდება მათ პოლიტიკურ ინტერესს, მაშინ პოლიციელთა რაოდენობა გვაკლია. როგორ უნდა ახსნას ეს ფაქტი, პარლამენტის ერთ შესასვლელთან 50 კაცი რომ მოვიდოდით, 2000-ს გვახვედრებდა, ჩაფხუტებით, დუბინკებით, წყლის ჭავლებით და როცა ჟურნალისტებს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს თავ- პირს უმტვრევდბენ, მაშინ 5 პოლიციელი ვერ მოიძენა, რომ მათი უფლებები დაეცვათ", - განაცხადა ვაშაძემ.