ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რატომაა, რომ ზოგი ადამიანი ერთი ლიტრი არყის დალევის შემდეგაც საღ გონებაზეა, სხვებს კი ალკოჰოლის ორთქლიც ათრობს.
ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის მკვლევარების ბოლო ცდები მიუთითებს, რომ ალკოჰოლის გადატანის შესაძლებლობა თავის ტვინის გენების მუტაციის შედეგია.
ასეთ დასკვნამდე ამერიკელი მეცნიერები თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შემდეგ მივიდნენ. რა თქმა უნდა, ადამიანები თაგვები არ არიან, მაგრამ მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ცდების შედეგების გადმოტანა ჩვენზეც შეიძლება.
ცნობილია, რომ მთვრალი ადამიანი თავისი მოქმედების კოორდინებას ვერ ახერხებს და მეხსიერებაშიც ჩავარდნები აქვს. აქამდე მკვლევარები ვერ ხსნიდნენ მექანიზმს, თუ როგორ მოქმედებს ალკოჰოლი ტვინზე.
ამერიკელი მეცნიერების ცდები პირველად იძლევა იმის გაგების საშუალებას, თუ რატომ თვრება ზოგი ასე ადვილად.
მუტაცია თავის ტვინის სახასიათო რეცეპტორებს ცვლის და მათ ალკოჰოლისადმი უფრო მგრძნობიარეს ხდის. შედეგად, მუტაციის მქონე ადამიანების ტვინის რუხი უჯრედები ერთმანეთთან „კონტაქტს“ ვერ ახერხებს.
გამოდის, რომ თვალებით ხედავს, მაგრამ ტვინისთვის ინფორმაციის გადაცემას ვერ ახერხებს.
მეცნიერებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ამ მექანიზმის გაგება მათ ალკოჰოლიზმის სამკურნალო ახალი პრეპარატების მისაღებად დაეხმარება. მეტიც, ახალი წამლები არა მარტო ლოთებს წაადგება საშინელი ჩვევის დასაძლევად, არამედ სიმთვრალის სიმპტომებსაც შეამსუბუქებს. თუკი ექსპერტების იმედები გამართლდება, შესაძლოა, ძალიან მალე კაცობრიობამ ალკოჰოლიზმს საერთოდ დააღწიოს თავი.
სხვათა შორის, ბოლო არქეოლოგიური აღმოჩენების თანახმად, თურმე, პირველი ალკოჰოლიკები დედამიწაზე ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 7 ათასი წლის წინათ ჩინეთში გაჩნდნენ.
ახლახან მათი კვალი ჩინელმა და ამერიკელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს. ამ ფაქტმა კი ძველი რეკორდი მოხსნა, რადგან აქამდე მიაჩნდათ, რომ უძველესი ლოთები ირანში იყვნენ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5400 წელს.