ფათიხ თერიმი „ინტერს“ ჩაიბარებს

ფათიხ თერიმი „ინტერს“ ჩაიბარებს

ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ მილანის „ინტერი“ უიღბლოდ ასპარეზობს.

გასულ წელს გუნდს სათავეში ანდრე სტრამაჩონი ჩაუდგა. მის ხელში კლუბი ახლებურად კი ათამაშდა, მაგრამ იტალიის პირველობის სატურნირო ცხრილის  შუა პოზიციებს თავი მაინც ვერ დააღწია.

იტალიური მას-მედიის მტკიცებით, სტრამაჩონი „ინტერს“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ აუცილებლად დატოვებს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ახალი სეზონისთვის „ინტერს“ უფრო სახელგანთქმული მწვრთნელი ჩაიბარებს. საუბარი გახლდათ ახლო წარსულში ყოფილ პორტუგალიელ მოთამაშე ლუიშ ფიგუზე და დონეცკის „შახტარის“ ამჟამინდელ დამრიგებელ მირჩა ლუჩესკუზე.

დღეს დილით იტალიურ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ „ინტერს“ ცნობილი თურქი ფეხბურთის სპეციალისტი ფათიხ თერიმი ჩაიბარებს.

მილანური გუნდის პრეზიდენტი მასიმო მორატი რამდენიმე დღის წინ სტამბულში იმყოფებოდა და თერიმთან წინასწარი მოლაპარაკება ჩაატარა. ცნობილი გახდა, რომ თურქი იტალიაში მესამედ დაბრუნებაზე თანახმა გახლავთ.

ფათიხ თერიმი თავის დროზე ფლორენციის „ფიორენტინასა“ და „მილანის“ თავკაცად მუშაობდა.