ამერიკელი რეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი, გრეტა გერვიგი, ფილმს Barbie გადაიღებს. ფილმში, რომელსაც კინომოყვარულები უკვე დიდი ხანია, ელოდებიან, მთავარ როლს მარგო რობი შეასრულებს.
გერვიგი Warner Bros.-ის პროექტში 2019 წლიდან აქტიურად იყო ჩართული და ნოა ბაუმბახთან ერთად ფილმის სცენარიც შექმნა. თავდაპირველად გავრცელებული ხმებით, რეჟისორი ალათეა ჯონსი უნდა ყოფილიყო, თუმცა, რობიმ ბრიტანული Vogue-სთვის სულ ახლახან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რეჟისორის სკამს სწორედ გერვიგი მოირგებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამდენად განხილვადი იყო ბარბის როლის შემსრულებლის ვინაობაც. თავდაპირველად ამ როლზე ემი შუმერი განიხილებოდა, შემდეგ შეთავაზება ოსკაროსანმა ენ ჰეთეუეიმ მიიღო, მაგრამ, ბოლოს, 2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ როლს მარგო რობი მოირგებდა.
ამ დროისათვის გერვიგი და ბაუმბახი სხვა პროექტზე მუშაობით არიან დაკავებულები. ბაუმბახი ფილმ White Noise-ს იღებს, რომელშიც გრეტა მონაწილეობს. Barbie-ზე მუშაობა, სავარაუდოდ, სწორედ ამ პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით, 2022 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. ბარბის საპრემიერო ჩვენება კი 2023 წლისთვისაა დაგეგმილი.
სხვა დამატებითი ინფორმაცია ფილმის შესახებ ჯერ არ გამოქვეყნებულა. მიუხედავად იმისა, რომ არც სიუჟეტის შესახებ ვიცით ბევრი რამ, რობიმ ადრე აღნიშნა, რომ ფილმი "სამყაროში პოზიტიურობის შემოტანისა და ბავშვებისთვის სტიმულის მიცემის შესანიშნავი საშუალება იქნება".
პროექტის რეჟისორად გერვიგის დამტკიცება ალბათ ბევრ კინომოყვარულს არც გაკვირვებია, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მან ცოტა ხნის წინ ორი წარმატებული ფილმი — Lady Bird (2017) და Little Women (2019) — გადაიღო. ეს ფილმები ჯამში ოსკარის 11 ნომინაციაში წარადგინეს, მათ შორის, საუკეთესო რეჟისურის კატეგორიაშიც (რითაც გრეტა ოსკარის შვიდი ნომინანტი რეჟისორი ქალიდან ერთ-ერთი გახდა).
საინტერესოა ისიც, რომ მარგო რობი, მსახიობობის გარდა, ბარბის თანაპროდიუსერობასაც შეითავსებს.