დემნა გვასალიამ ბალენსიაგაში მაღალი მოდა 53 წლის შემდეგ ახალი ჩვენებით დააბრუნა

დემნა გვასალიამ ბალენსიაგაში მაღალი მოდა 53 წლის შემდეგ ახალი ჩვენებით დააბრუნა

ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მოდის სამყარომ და მსოფლიომ ძალიან კარგად იცის. კლონების მონაწილეობით გამართული ჩვენება, ქუსლიანი Crocs-ის ფეხსაცმელი, "დატბორილი" პოდიუმები, დიდი ზომის ქურთუკები — მოდის სახლ ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმღვანელი დემნა გვასალია საზოგადოების გაოცებას ყოველთვის ახერხებს. გულშემატკივრებისთვის იმედი არც ახლა გაუცრუებია და 53 წლის შემდეგ ბალენსიაგაში მაღალი მოდის, ე.წ. ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენება პირველად გამართა.

დემნა გვასალიას პირველი ოტ კუტიურ ჩვენება 7 ივლისს პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ბალენსიაგაში ბოლო ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენება 1968 წელს კრისტოფერ ბალენსიაგამ მოაწყო, შესაბამისად, დემნამ ტრადიცია ნახევარი საუკუნის შემდეგ აღადგინა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენება იმ სალონში მოაწყო, რომელსაც თავად ლეგენდარული კრისტოფერ ბალენსიაგა იყენებდა. სივრცის გადაკეთების ნაცვლად, გვასალიამ მისი აღდგენა გადაწყვიტა, ამიტომ ჩვენებაზე მისულ სტუმრებს 60-იან წლებში კრისტოფერ ბალენსიაგას მიერ შექმნილი გარემო დახვდათ.

ბალენსიაგას 50-ე ოტ კუტიურ ჩვენებას შეზღუდული რაოდენობის აუდიტორია ესწრებოდა. მოდელებმა კოლექცია მუსიკის გარეშე წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ დემნა გვასალიამ ბალენსიაგას ისტორიაში პირველად ოტ კუტიურ ტანსაცმელი კაცებისთვისაც წარადგინა.