შეუძლია საკუთარ თავს დამოუკიდებლად მიხედოს — ბრიტნი სპირსის დედა მომღერალზე

შეუძლია საკუთარ თავს დამოუკიდებლად მიხედოს — ბრიტნი სპირსის დედა მომღერალზე

ბრიტნი სპირსის დედა, ლინ სპირსი აცხადებს, რომ მომღერალს საკუთარ თავზე დამოუკიდებლად ზრუნვა შეუძლია და უფლება უნდა ჰქონდეს, საკუთარი ადვოკატი თავად შეარჩიოს. ამის შესახებ ლინ სპირსის ადვოკატმა განაცხადა.

ივნისის ბოლოს ბრიტნიმ სასამართლოზე გამოსვლისას მეურვეობა სექს-ტრეფიკინგს შეადარა. მისი თქმით ბედნიერი არაა და ყოველდღე ტირის, რადგან მის უფლებებს ზღუდავენ. მუსიკის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა შემსრულებელმა განაცხადა, რომ მას ქორწინების და შვილის გაჩენის უფლებას მეურვეები არ აძლევენ. ბრიტნიმ დასძინა, რომ ყველაფერი, რაც მის ცხოვრებაში ხდება, მამამისთანაა შეთანხმებული, რომელიც 13 წელია მისი მეურვეა. ბრიტნიმ დასძინა, რომ სურს თავის მთელ ოჯახს უჩივლოს:

"ისინი ციხეში უნდა იყვნენ, იმისთვის არ დავბადებულვარ, რომ ვინმეს მონა ვიყო".

ბრიტნის მეურვეები არამხოლოდ მის გადაწყვეტილებებს, მის ქონებასაც განაგებენ. მომღერალმა თითქმის 30-წუთიან გამოსვლაში მამამისს "იდიოტი" უწოდა და კალიფორნიის შტატი მეურვეებისთვის გადაჭარბებული უფლებების მინიჭების გამო გააკრიტიკა. სპირსმა დასძინა, რომ ადვოკატი აფრთხილებდა, რომ მის საჯაროდ ლაპარაკს შესაძლოა გართულებები და სამკურნალო დაწესებულებაში მისი გადაყვანა მოჰყოლოდა, თუმცა მომღერლის თქმით, გადაწყვიტა რომ მსოფლიოს საკუთარი ისტორია გულწრფელად მოუყვეს.

ბრიტნის ცხოვრებას მისი მეურვეები 2008 წლიდან აკონტროლებენ. ბრიტნის გამოსვლის შემდეგ გადადგა მისი მენეჯერი, ადვოკატი, ხოლო მომღერლის დამ განაცხადა, რომ ბრიტნის ყოველთვის მხარს უჭერდა.

ბრიტნის მეურვეობის შესახებ შემდეგი სასამართლო 14 ივლისს გაიმართება.