ალეკო ელისაშვილი: ქალები თუ დატოვებდნენ ტრიბუნას, „ქართული ოცნება“ მზად იყო, დღეს სხდომაზე მოსულიყვნენ ღარიბაშვილი და გომელაური, მაგრამ ამაზე უარი განაცხადეს

ალეკო ელისაშვილი: ქალები თუ დატოვებდნენ ტრიბუნას, „ქართული ოცნება“ მზად იყო, დღეს სხდომაზე მოსულიყვნენ ღარიბაშვილი და გომელაური, მაგრამ ამაზე უარი განაცხადეს

ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ სპიკერატის დატოვების შემთხვევაში, მმართველი გუნდი მზად იყო, დღევანდელ სესიაზე პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი მიეწვია. „მოქალაქეების“ ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიციამ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

„აბსოლუტურად გაუგებარია ოპოზიციის ნაწილის ქცევა. მით უმეტეს იყო ერთგვარი მოლაპარაკება და შემოთავაზება „ქართული ოცნების“ მხრიდან, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიების ქალები დატოვებდნენ ტრიბუნას, „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო მზაობა, რომ დღეს სხდომაზე მოსულიყვნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და მათთვის კითხვები დაგვესვა. კატეგორიული უარი იყო. რა უფრო მნიშვნელოვანია, მოსულიყვნენ და მათთვის კითხვები დაგვესვა, თუ გვენახა ის, რაც ვნახეთ?“ - განაცხადა ელისაშვილმა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური იყო. მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა 12:00 საათზე ამოიწურა. პარლამენტის შესასვლელთან დაწყებულმა ხმაურმა, მალევე, სხდომათა დარბაზში გადაინაცვლა.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დეპუტატებიც. სიტუაციის განმუხტვას მანდატურის სამსახური ცდილობდა. ამ პროცესების პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში, სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიც დაიკავეს.

ოპოზიციის ნაწილი, მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს.