დილიდან ნოდარ მელაძემ იცოდა ყველაფერი და ამის მიუხედავად, მან საკუთარი გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე გადაწყვიტა პოლიტიკური ქულების ჩაწერა, რაც არის უკიდურესად ამორალური,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კითხვაზე, თუ რას გულისხმობს ის, როდესაც ამბობს, რომ ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა „დილიდან ყველაფერი იცოდა“, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამაზე პასუხს ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დღეს საღამოს მიიღებენ, როდესაც ექსპერტიზის პასუხი ცნობილი გახდება.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა მივუსამძიმრო დაღუპული ოპერატორის ოჯახს, მის მეგობრებს, კოლეგებს, ეს არის ძალიან მძიმე თითოეული ჩვენგანისთვის. რაც შეეხება გუშინ მოვლენების განვითარებას, ეს მოვლენები წარიმართა არასწორი მიმართულებით და ეს არის ძალიან რბილი შეფასება. გუშინ დილიდან ნოდარ მელაძემ იცოდა ყველაფერი და ამის მიუხედავად, მან საკუთარი გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე გადაწყვიტა პოლიტიკური ქულების ჩაწერა. რაც არის უკიდურესად ამორალური. საზოგადოებამ უკვე იცის, რაშიც იყო საქმე და რაში იყო საქმე, ამას იტყვის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ალბათ, დღეს საღამოს, როდესაც საბოლოოდ დასრულდება ექსპერტიზა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მუდმივად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას და რა თქმა უნდა, გაგრძელდება ინფორმაციის მიწოდება, ამომწურავი იქნება ეს ინფორმაცია და დასკვნები გაკეთდება საბოლოოდ მას შემდეგ, რაც ყველა ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი,“- განაცხადა კობახიძემ.