ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის შეფასებით, ე.წ. თანამედროვე ლიბერალიზმი თვითონ არის რელიგიის გარკვეული ფორმა, სადაც ადამიანს დაკავებული აქვს ღმერთის ადგილი. როგორც ფილოსოფოსი განარტავს, ეს არის ყალბად გაგებული თავისუფლება - „ჩვენს წინაშე არის რელიგიური მიმდევრობა რომელსაც აბსოლუტურად მატერიალისტური შეფერილობა აქვს, რომლისთვისაც არავითარი სულიერი არ არსებობს, მას უნდა სხვა რელიგიების ადგილის დაკავება“, რაც შათირიშვილის შეფასებით, არ არის ნეიტრალურ ღირებულებათა სისტემა. ლიბერალიზმი თვითონ არის რელიგია, რომელიც ებრძვის სხვა რელიგიებს.
for.ge ზაზა შათირიშვილს ესაუბრა.
ე.წ. „ღირსების მარში“ არ შედგება. საერთოდ, რა ღირსებაზე ვსაუბობთ, ან ძალადობაზე, რომელსაც ისინი აპროტესტებენ? მოსახლეობის უმარავლესობას აქვს პროტესტი აშშ–ის, ევროკავშირის და გერამინიის ელჩების მიმართ, რომლებიც საქართველოს მთავრობას იმპერატიულად მოუწოდებენ, საქართველოში პრაიდის კვირეულის ჩატარებისკენ. რადგან ამას ამბობს სხვა ქვეყნის ელჩი, ამიტომ უნდა მივიღო და ეს მოთხოვნა განხილვას არ ექვემდებარება?
ზაზა შათირიშვილი: მოდი, ამას შევხედოთ – ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს ყველაფერი არის გლობალური საკითხი. საქმე ეხება ე.წ. გენდერულ იდენტობას და უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ახალი ანთროპოლოგია.
რას ნიშნავს ახალი ანთროპოლოგია?
– არაფერი ბუნებრივი არ არსებობს, ყველაფერი არის ადამიანის არჩევანი. ადამიანი ირჩევს დაბადებას, კონტროლს შობადობაზე, ოჯახისა და სიკვდილის მართვას და ა.შ. - ის, რაც კლასიკურ ეპოქებში განიხილებოდა, როგორც უფალი ღმერთის პრეროგატივა, ან ბოლო–ბოლო, როგორც ბუნების მიერ ბოძებული. დღეს ასეთი არაფერი არ არსებობს და ამ ახალი ანთროპოლოგიის მიჯნაზე ადამიანმა არა მარტო უნდა აკონტროლოს, არამედ ფაქტობრივად, უნდა შექმნას ახალი ადამიანი. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ლაპარაკია იმაზე, რაც ხდება – ახალი ადამიანის კონსტრუირება.
ამის ნაწილია ე.წ. იდენტობებიც?
– რა თქმა უნდა, რომელსაც მე ყალბ ცნობიერებას ვუწოდებ. ყალბი ცნობიერებაა, როდესაც ხელოვნურად ხდება ადამიანის იდენტობის კონსტრუირება ყოველგვარი მარადიული ღირებულებების გარეშე. მაგალითად, კლასიკურ ქრისტიანულ და არა მხოლოდ ქრისტიანულ, არამედ ნებისმიერი კლასიკურ ცივილიზაციაში ადამიანი არის როგორც მატერიალურობისა და სულიერების ერთობლიობა, ახალი დროის დასავლურ ცივილიზაციას შეიძლება ვუწოდოთ გნოსტიკური მატერიალიზმის ცივილიზაცია.
გნოსტიკური რატომ?
– გნოსტიციზმი, სწორედ, რომ ნიშნავს ისეთი ტიპის რელიგიას, რომელიც გვეუბნება, რომ სამყარო არ არის სრულყოფილი და ადამიანმა ის უნდა შეცვალოს. მოყოლებული მარქსიზმით და თანამედროვე ლიბერალიზმის ჩათვლით, ყველაფერი ეს არის გარკვეული ტიპის რელიგია, რომელიც თანამედროვე ეტაპზე თავს წარმოგვიდგენს, როგორც ღირებულებათა ნეიტრალურ სისტემას. რა თქმა უნდა, არავითარი ნეიტრალური ეს არ არის. ამის უკან დგას ძალიან ძველი წარმოდგენა – სამყარო არ ვარგა და ადამიანმა უნდა დაიკავოს ღმერთის ადგილი, ადამიანმა უნდა მოახდინოს სიცოხლის კონსტრუირება.
რამდენად შესაძლებელია, როგორ და რანაირად, ეს მნიშვნელოვანი საკითხია. თავისთავად ცხადია, რომ ეს შეუძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიებით და როგორც არ უნდა განვითარდეს ეს ტექნოლოგიები, ადამიანს არ შეუძლია სიცოცხლის შექმნა. ეს არა მარტო მეტაფიზიკური თვალსაზრისით, არამედ წმინდა ფიზიკური თვალსაზრისითაც შეუძლებელია. მაგრამ, აქ სხვა რამეა მნიშვნელოვანი. თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოგვცა იმის ილუზია, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩარევა, გენების შეცვლა, იგივე ეს აბორტები და ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს ჩავთვალოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ისეთ რაღაცეებზე ზემოქმედება, რაც წინათ შეუძლებელი იქნებოდა ტექნოლოგიური განვითარების გარეშე. მაგრამ მიუხედავად ამისა, რეალურად, ადამიანს არაფერი ახლის შექმნა არ შეუძლია. მას შეუძლია ან რეაგირება, ან გაფუჭება.
აქ და დღეს, ჩვენ რასთანაც გვაქვს საქმე?
– ეს არის გადახლართვა გარკვეული ტექნოლოგიური ძალმოსილებისა და გარკვეული ეთიკური „წარმოდგენების“, რომ თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ მე თვითონ უნდა შევქმნა საკუთარი თავი. ანუ, შემიძლია ისეთი რამის კონსტრუირება, რაც წინათ ითვლებოდა, რომ ბუნებრივი იყო. ანუ, არაფერი ბუნებრივი არ არსებობს, ყველაფერი არის ადამიანის მიერ გაკეთებადი. ეს არის აბსოლუტურად ყალბი და არა მარტო ყალბი, არამედ მეცნიერული თვალსაზრისითაც, სრულად მცდარი წარმოდგენა დევს ამაში. ამ აიზბერგის ერთ–ერთი გამოხატულება არის ე.წ. გენდერული წარმოდგენები, როდესაც ადამიანს გონია, რომ მას თითქოს, შეუძლია, რაღაცის შექმნა.
სამწუხაროდ, რასაც ჩვენ ვხედავთ, ხდება ამ ყალბი იდენტობების გავრცელება...
– გეთანხმებით, რომ ასეა. როგორც ყალბი ფული იბეჭდება, ზუსტად ასე იბეჭდება ეს სრულიად შეუმდგარი და სამწუხაროდ, სრულიად ყალბი წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ. საზოგადოდ ამასთან გვაქვს საქმე. მარში და ეს ყველაფერი როგორც ამ ქვეყანაში, ისე სხვა ქვეყნებში კერძო საკითხია. მთავარი მომენტი რა არის – თვითონ საზოგადოება არის თუ არა განმსჭვალული ასეთი წარმოდგენებით, სადაც უფრო ჭარბობს ტრადიციული წარმოდგენები: ბუნებამ ასე მოგვცა, რომ ბუნებრივი გადარჩენის შედეგად მივიღეთ ადამიანის ეს პოპულაცია, მას აქვს სქესი, არის განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის, ეს ხომ არ არის რელიგია? ეს არის ტრადიციული ევოლუციური წარმოდგენა.
ევოლუციურ პროცესს რომ შეძლებოდა, მაშინ ეს ყველაფერი ბუნებრივად მოხდებოდა, მაგრამ ისევ ვიმეორებ, ეს ყველაფერი არის ხელოვნური. გარდა იმისა, რომ ყალბი იდენტობების კონსტრუირება ხდება, არაფერი ახალი პრინციპული თვალსაზრისით არ იქმნება. ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით.
ისეთ ცივილიზებულ საზოგადოებებში, სადაც არსებობს ტრადიციული წარმოდგენა, განსხვავება ბუნებასა და კულტურას შორის, რა თქმა უნდა, სრულიად გაუგებარია ეს ახალი ანთროპოლოგია. არ ვგულისხმობს მარტო მუსლიმურ აღმოსავლეთს, არამედ ვგულისხმობ ინდოეთს, ჩინეთს და ბევრ სხვა ქვეყანას. თვითონ დასავლეთშიც არსებობს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც აქვს ტარდიციული ღირებულებები, ბევრი მათ შორის არის ქრისტიანი. დასავლეთშიც არის კულტურათა შორის დაპირისპირება. ერთ მხარეს არის კლასიკური ტრადიციული კულტურა, ხშირ შემთხვევაში, მას აქვს ქრისტიანული მსოფლმხედველობა, მეორე მხარეზე არის ახალი ანთროპოლოგია.
ჩემთვის გაუგებარია რატომ აკავშირებენ ამ საკითხს რელიგიასთან, თავად ესხმიან თავს რელიგიას და ეს ხდება ორგანიზებულად. ამის მაგალითია დავით ბერძენიშვილის და გიგი უგულავას მოწოდება, რომ დროა, დაისაჯოს საპატრიარქო. ძალიან მარტივია კითხვა – რატომ უნდა დაისაჯოს საპარტიარქო?
– ეს ე.წ. რასაც თანამედროვე ლიბერალიზმს ვეძახით, არის გნოსტიკური მატერიალიზმი, ეს თვითონ არის რელიგია. არსებობენ რელიგიები, ერთი არის აღმსარებლობითი, როდესაც რელიგიას გააზრებული აქვს საკუთარი მწარმსი. არსებობენ რელიგიები, რომლებიც არიან არაღმსარებლობითი, ანუ, თავის თავს წარმოგვიდგენს სხვა სამყაროში. სინამდვილეში სწორედ ამიტომ ებრძვის ქრისტიანობას, კლასიკურ რელიგიებს, რომ თვითონ არის რელიგია, რომელსაც უნდა სხვისი ადგილის დაკავება.
ანუ, ეს ე.წ. თანამედროვე ლიბერალიზმი თვითონ არის რელიგიის გარკვეული ფორმა, სადაც ადამიანს დაკავებული აქვს ღმერთის ადგილი და ყველა იმ ბუნებრივ პროცესში, რომელიც ღვთისაგან მოდის, უნდა, რომ ყველგან თვითონ დაიკავოს ცენტრალური ადგილი. ანუ, წარმოადგინოს ისე, რომ ის, რაც ბუნებრივია, სინამდვილეში ასე არ არის, არამედ არის არჩევანი. მე ასე ვიტყოდი, რომ ეს არის ყალბად გაგებული თავისუფლება.
ანუ, თანამედროვე ლიბერალიზმი არის ყალბად გაგებული თავისუფლება?
– დიახ, რომელსაც გონია, რომ ყველაფერი შეიძლება იყოს ადამიანის არჩევანის საგანი. აქედან გამომდინარე, მას ერთი მხრივ უნდა, თავი წარმოგვიდგინოს ღმერთად, მაგრამ მეორე მხრივ არის მუდმივ შიშსა და ძრწოლაში საკუთარი თავის გამო.
შესანიშნავად აღნიშნა დალაი ლამამ – „თანამედროვე ადამიანი ისე ცხოვრობს, რომ თითქოს სიკვდილი არ არსებობს და ისე კვდება, თითქოს არც უცხოვრია“ . სინამდვილეში ეს არის საზრისის პრობლემა. როდესაც შენ არ გესმის სიკვდილის საზრისი, მაშინ ცდილობ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ხარჯზე მოიპოვო სრული ძალაუფლება. ჩვენს წინაშე არის რელიგიური მიმდევრობა, რომელსაც აბსოლუტურად მატერიალისტური შეფერილობა აქვს, რომლისთვისაც არავითარი სულიერი არ არსებობს, მაგრამ მას უნდა სხვა რელიგიების ადგილის დაკავება და ეს უნდა ვიცოდეთ. ეს არ არის ნეიტრალურ ღირებულებათა სისტემა, ეს თვითონ არის რელიგია, რომელიც ებრძვის სხვა რელიგიებს.
თანამედროვე ლიბერალიზმი რამდენად აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას?
– სამწუხაროდ სხვა ტერმინი არ გვაქვს. ფართო აუდიტორიისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა თანამედროვე ლიბერალიზმი. მე ამას ლიბერალიზმს არ ვუწოდებდი, დავარქმევდი გნოსტიკური მატერიალიზმის ცივილიზაციას. თუ ავიღებთ თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციას, ეს საკმაოდ რთული მოვლენაა. იქ ერთი მხრივ, არის კლასიკური ქრისტიანული ელემენტები, არის მე–19 და მე–20 საუკუნის პროგრესული წარმოდგენები და არის ასეთი – რასაც ვეძახით ანთროპოლოგიას, რომელსაც აქვს თავისი მიზანი.
ისევ ვიმეორებ, საგანი უნდა აღვწეროთ ზუსტად, როდესაც ჩვენ შეგვეძლება საგნის ზუსტი აღწერა, მაშინ აღარ გაგვიკვირდება გარკვეული ტიპის მოვლენები. არც დემონსტრაციები, არც მარშები, არც გარკვეული ტიპის მეტყველება. როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ ეს არის ერთ–ერთი ტიპის რელიგია, რომელიც, სხვათა შორის, საკმაოდ აგრესიული რელიგიაა, რომელიც პროგრესის ნიშნით ინიღბება. სინამდვილეში, ეს არის აბსოლუტურად ფუნდამენტალისტური რელიგია, რომელიც არის ბუნების წინააღმდეგ. ამოცანა რა არის – ე.წ. მატერიალიზმის სახელით, მატერიის მოსპობა, მაგრამ სინამდვილეში ისინი იმ ტოტს ჭრიან, რაზედაც სხედან.
ეს უკურეაქცია, რაც ახლა მთელს მსოფლიოში დაიბადა და იბადება, არის ჩვეულებრივი ადამიანის რეაქცია, ვინც არ უნდა იყოს ის, შავი, თეთრი, აფრიკელი თუ აზიელი. ეს არის ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანის რეაქცია ახალი აგრესიული ფუნდამენტალისტური რელიგიის წინააღმდეგ.
საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატების კატეგორიული მოთხოვნა, რომ ე.წ. „ღირსების მარში“ უნდა ჩატარდეს, ხომ არ მიგაჩნიათ უფლებამოსილების გადამეტებათ, რაც უფრო აშორებს ქართულ საზოგადოებას დასავლეთს და მიდრეკილს ხდის ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ?
– ოკუპანტ სახელმწიფოს თავი დავანებოთ. ნორმალური ადამიანი არსებობს ყველგან. დონალდ ტრამპის დროს ასეთი სიტუაცია არ იყო. ტრამპის მოსვლა ამერიკის სათავეში სწორედ ამ მიზეზებით იყო გამოწვეული და არა სხვა მიზეზებით. ტრადიციულმა ამერიკამ აირჩია დონალდ ტრამპი. ახლა მოხდა, რაც მოხდა. უნდა ვიცოდეთ, რომ თვითონ დასავლეთშიც არის ეს დაპირისპირება. ჯო ბაიდენი, რომელიც კათოლიკეა და დადის ეკლესიაში, მიაჩნია, რომ ეს სწორი არ არის, მაგრამ ჩვენ ადამიანებს უნდა მივცეთ თავისუფლება. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკე ქრისტიანია, აბსოლუტურად არ ესმის რა არის ქრისტიანობა და რა არის რელიგიური ადამიანის მოვალეობა. ამას თავი დავანებოთ. არსებობს ორი დასავლეთი – ბაიდენის დასავლეთი და ტრამპის დასავლეთი. ტრამპის დასავლეთი არის ნორმალური, ჩვეულებრივი კლასიკური წარმოდგენები ბუნებისა და კულტურის შესახებ. ბაიდენი იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთაც მიაჩნიათ, რომ შეიძლება ახალი ადამიანის შექმნა. სამწუხაროდ, ეს არის ნეობოლშევიკური აზროვნება. არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს, ზუსტად ასე აზროვნებდნენ ბოლშევიკები. მიხაილ ბულგაკოვმა ჯერ კიდევ როდის დაწერა „ძაღლის გული“, სადაც დაგვანახა როგორ მთავრდება ასეთი ექსპერიმენტები.